ბრექსითი

ჯონსონმა ევროკავშირისათვის ბრექსითის საბოლოო შეთავაზებას გონივრული კომპრომისი უწოდა

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს, კონსერვატორების ყოველწლიურ კონფერენციაზე ევროკავშირისათვის ბრექსითის საბოლოო შემოთავაზება წარმოადგინა და თქვა, რომ თუ ბრიუსელი ამ გეგმას არ მიიღებს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე 31 ოქტომბერს გავა.

ჯონსონმა პარტიას შეთანხმების გარკვეული დეტალები გააცნო და თქვა, რომ ეს "სამართლიანი და გონივრული კომპრომისია".

"ჩვენ წარმოვადგენთ კონსტრუქციულ და გონივრულ შეთავაზებებს, რომლებიც ორივე მხარისაგან კომპრომისს მოითხოვს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ალტერნატივა შეთანხმების გარეშე გასვლაა." თქვა მან.

ჯონსონმა თქვა, რომ შეთანხმება ირლანდიის საზღვარზე ან მის მახლობლად შემმოწმებელი პუნქტების არსებობას არ მოიცავს და ლონდონი პატივს სცემს 1998 წლის შეთანხმებას.

მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირს გაერთიანებული სამეფო სრულად დატოვებს და პირველივე დღიდან დაამყარებს კონტროლს საკუთარ სავაჭრო პოლიტიკაზე.

ჯონსონმა თქვა, რომ გამოსავალს ტექნოლოგიაში იპოვიან, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა ამაში.

ჯონსონმა ბრექსითზე მეორე რეფერენდუმის ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა.

"მეორე რეფერენდუმი ევროკავშირზე? წარმოგიდგენიათ? კიდევ 3 წელი ეს მდგომარეობა?" თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონის მიერ პარლამენტის დროებით დათხოვნამდე კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ჯონსონს ევროკავშირისგან ბრექსითის გადავადების თხოვნას დაავალდებულებს.

ჯონსონმა თქვა, რომ გადავადების თხოვნას თხრილში სიკვდილი ურჩევნია. მის მთავრობაში აცხადებენ, რომ გადავადება არ მოხდება და ბრიტანეთი ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გავა.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება უკანონოდ ცნო, რის შემდეგაც სხდომები განახლდა.

რაც შეეხება ირლანდიის საზღვარს, სწორედ ეს საკითხი იქცა ყოფილი პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება. ევროკავშირის ლიდერებმა ჯონსონს ალტერნატივის წარმოდგენისაკენ მოუწოდეს. ევროკავშირის ლიდერებთან ჯონსონის სამიტი 17 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

კომენტარები