ვლადიმირ პუტინი

პუტინის თქმით მისი და ტრამპის სატელეფონო საუბრების გასაჯაროების წინააღმდეგი არაა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის წინააღმდეგი არ იქნება, თუ მისი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრების შინაარსი გასაჯაროვდება. პუტინმა თქვა, რომ საუბრისას ყოველთვის ითვალისწინებს, რომ მისი სიტყვები შესაძლოა გაასაჯაროონ.

პუტინმა ასევე თქვა, რომ ტრამპისა და ზელენსკის საუბრის ტრანსკრიპტში კომპრომატებს ვერ ხედავს.

"პრეზიდენტმა ტრამპმა კოლეგას წინა ადმინისტრაციის წევრის მხრიდან შესაძლო კორუფციის გამოძიება სთხოვა. ნებისმიერი ლიდერი გააკეთებდა იმავეს. ტრამპზე თავდასხმისათვის უკვე ყველაფერს იყენებენ. ახლა უკრაინაა." თქვა მან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის საუბრებზე წვდომას აშშ-ის კონგრესი საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში ითხოვს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ტრამპის სხვა ზარებიც შეიცავდეს კანონდარღვევის ნიშნებს.

საიმპიჩმენტო გამოძიება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გარშემო სკანდალის შემდეგ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

CNN-ს წყარომ დაუდასტურა, რომ სწორედ ამ ზართან დაკავშირებით დაწერა სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა. ამ დრომდე კონგრესისათვის სარჩელის გადაცემას ტრამპის ადმინისტრაცია ბლოკავდა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

კომენტარები