გირჩის კანაფის ფესტივალი

გირჩი კანაფის ფესტივალის საქმეზე: შსს-ში გვითხრეს, რომ ერთი წელია, გვისმენენ

0 კომენტარი
ფოტო: მარი ნიკურაძე/OC Media

2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე შსს-მ გირჩის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა.

პარტიის ახლანდელი და ყოფილი წევრები გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ამბობენ, რომ, როგორც მათ უთხრეს, კანაფის ფესტივალის შემდეგ, სასამართლო განჩინების საფუძველზე, მათ სუს-ი უსმენდა.

ისინი  შსს-ში დაბარებას ტაქსების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით პარტიის ბოლო აქტივობას უკავშირებენ.

"მე რაც გავიგე, გვითხრეს რომ ერთი წელია "კანონიერად" გვისმენენ. ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი. ამის სათქმელად დაგვიბარეს. ტლანქად გაგვაფრთხილეს",- წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია თავის Facebook გვერდზე.

როგორც გამოკითხვაზე დაბარებული ტორესა მოსი ამბობს, გამომძიებელმა მათ უთხრა, რომ საქმეში საგანგაშო და დანაშულებრივი ნიშნები საუბრების ჩანაწერებში ვერ აღმოაჩინეს და ამის გამო საქმეს ხურავენ.

შსს ცნობით, სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს გირჩის ის წევრები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ.

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში, 2018 წლის 20 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ ხელი შეუშალა და ჩაშალა. ადგილზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

გამოძიება გირჩის მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 13 ოქტომბერს დაიწყო, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში ლეგალური გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები