ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ინდონეზიელმა ჟურნალისტმა რეზინის ტყვიისგან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა

thestandnews

ჰონგ-კონგში პოლიციამ ინდონეზიელ ჟურნალისტს ვები მეგა ინდას რეზინის ტყვია ესროლა. ქალმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. 

1-ლ ოქტომბერს ინდა ინდონეზიური გაზეთისთვის მუშაობდა და თავის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. მას თან ჩაფხუტი და დამცავი სათვალეც ეკეთა. ჩაფხუტსა და ტანისამოსზე ეწერა წარწერა PRESS. 

ვიდეოს ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ პოლიციელებმა მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს რეზინის ტყვიების სროლა დაუწყეს.

ინდას ორივე თვალი დაუზიანდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმის ინფორმაციით, მან ერთ თვალში მხედველობა სამუდამოდ დაკარგა. 

ინდონეზიამ თავის მოქალაქეებს ჰონგ-კონგში დაპირისპირების ადგილებში გავლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

1 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი დაჭრეს. 35-ის მდგომარეობა სტაბილურია, ხუთის - მძიმე.

გუშინდელ აქციაზე პოლიციამ 269 ადამიანი დააკავა და დაახლოებით 1 400 ცრემლსადენი გაზი, 900 რეზინის ტყვია გამოიყენა.

1-ლი ოქტომბრის აქციაზე პირველად პოლიციამ პროდემოკრატიული აქციის მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები