მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პოლიტიკოსების ჯგუფი "სვეცკურად" ზემოდან უყურებს ხალხს, პუტინის საქმეს აკეთებს

0 კომენტარი
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ თავად ძალიან ტრადიციული და ამავე დროს ინოვაციური პოლიტიკოსია, თუმცა ამასთან, მისივე თქმით, "საქართველოსი არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ყველაფერ ქართულს დასცინის და აბაიბურებს, რითაც პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს". 

ვიდეო მიმართვა სააკაშვილმა მას შემდეგ ჩაწერა, რაც მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ თანაგუნდელ, ევროპული საქართველოს დეპუტატ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური სხვაობა აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თვითონ მართლმადიდებელი ქრისტიანია და ჯვარს ატარებს, ბოკერია კი "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" მოიხსენია. 

"დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაცა ასე "სვეცკურად" ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს. იმიტომ, რომ არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ჩვენი ღირებულებები,"- თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. 

ექსპრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია აღდგა, თუმცა, იმ ხალხის ჯგუფმა, რომელიც "ახლა დასცინის ხალხს, ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შორის მისი ხელისუფლება, ღირებულებების კუთხით, ხალხთან გაეუცხოებინა". 

მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს, თუმცა, მისი რამდენიმე დღის წინანდელი ინტერვიუდან გამომდინარე, ის, სავარაუდოდ, კვლავ გიგა ბოკერიაზე საუბრობს. 

დღევანდელ ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა თქვა: 

"ჩემ დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია, ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ბაგრატის აღდგენა. გახსოვთ, როგორ დამცინოდნენ ბაგრატის აღდგენაზე, რა ყაყანი ქონდათ ზუსტად იმათ ატეხილი, ვინც ახლა დასცინის ჩვენს ხალხს და ზემოდან უყურებს და ატეხილი აქვთ ერთი გნიასი ჩემ თაობაზე. 

დიახ, ამ ხალხის ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შორის ჩვენი ხელისუფლება გაეუცხოებინა, დისტანცია და ნაპრალი გაეჩინა ჩვენს ხალხთან ღირებულებების გარშემო 

ამავე დროს, ჩვენ ვართ ძალიან ინოვაციურები. ბევრი საინტერესო, გათანამედროვების იდეა გვაქვს. დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ. ეს არის აწმყო შობილი წარსულისგან და მოდით, ამაზე შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის მოდა, ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებდი, უბრალოდ რუსულმა და მტრულმა პროპაგანდამ ყველაფერი უკუღმა მოატრიალა და აქეთ შემოგვტენა ისეთი რამე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს", - თქვა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში და დაამატა, რომ "არ არის საუბარი ვინმესთან პიროვნულ დაპირისპირებაზე", როცა საერთო მტერი ბიძინა ივანიშვილია. 

აქ არის ვინმესთან პიროვნულ დაპირისპირებაზე საუბარი, სიმართლე უნდა ითქვას. რაღაც დონემდე თავს ვიკავებდი, მაგრამ რაღაც მომენტში ხალხს უნდა გაეგო სიმართლე, რაც არის ფუნდამენტური განსხვავება, მეგობრებო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ყველასთან - ჩვენ ვითანამშომლებთ ყველასთან, საერთო უბედურების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას შეხედულებას, თუ ეს საერთო ინტერესებშია. 

ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს და დრო არ გვაქვს ერთმანეთთან ქიშპის. ძალა ერთობაშია", - თქვა მან. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 30 სექტემბერს, მთავარ არხზე, გიგა ბოკერიაზე საუბრის დროს თქვა, რომ მასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს და ამის მაგალითად თავისი რელიგია მოიყვანა. ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ჯვარს ატარებს და მართლმადიდებელია.

"ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან", - თქვა სააკაშვილმა.

მას სთხოვეს დაეზუსტებინა, როდის გააკეთა ეს გიგა ბოკერიამ და რა ფორმით, რაზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს:

"​ყოველთვის, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების...". - ამბობს სააკაშვილი.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მიხეილ სააკაშვილს კვლავ ჰკითხა, მოეყვანა ერთი მაგალითი, რომელ ფასეულობთან დისტანცირება მოახდინა გიგა ბოკერიამ. რესპოდენტის პასუხი ასეთი იყო:

"[ყველაფერი] რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის პრინციპში ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები