გახარია: კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს

საქართველოს მთავრობა

ერთობლივი მუშაობის შედეგად ბიუჯეტი გამოგვივიდა საკმაოდ დაბალანსებული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში უკვე შეტანილია, ასახულია სახელმწიფოს პასუხიმგებლობა, ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან.

"ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, თუმცა კოორდინირებული მუშაობა შემდგომში როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკის და პარლამენტის მხრიდან იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისად 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე"- ამბობს გახარია. 

მისივე თქმით, ბიუჯეტში არსებული დეფიციტი (2,7%), სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და მისივე თქმით, "ამაში მდგომარეობს კიდევ ერთი დამდასტურებელი ფაქტი ბიუჯეტის დაბალანსებულობის"

"ასეთი კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს. მაგალითად ლარის კურსი რომელიც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი"- ამბობს გახარია. 

პრემიერმინისტრის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. 

"ამ ზომების შედეგად ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა, უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოეს პერიოდში და ყველამ ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით"- თქვა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები