პრეზიდენტის შეწყალება

დიმიტრი გაბუნია შეწყალების საქმეზე პროკურატურაში კვლავ დაიბარეს

რუსთავი 2

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პროკურატურაში კვლავ დაიბარეს. გამომძიებლებს დიმიტრი გაბუნიასთან კითხვები პრეზიდენტის შეწყალების შესახებ აქვთ. ის უკვე უწყებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურას გაბუნიას მეორედ გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ უწყებიდან დღეს დაურეკეს.

"[შეწყალების საქმეზე], მეტი მე აბა პროკურატურაში რა საქმე მაქვს. ჩვეულებრივი მომენტია რა, შეიძლება მეორედ, მესამედ, რაღაცნაირად... აინტერესებს ხო გამოძიებას, ხო უნდა გამოვარკვიოთ. არანაირი კომენტარი არანაირ კონკრეტულ თემაზე", - უთხრა დიმიტრი გაბუნიამ რუსთავი 2-ს.

პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე დიმიტრი გაბუნია პირველად 25 სექტემბერს გამოკითხეს. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ "გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები" და 200%-ით ენდობა მათ.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

23 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა გადასცა. გაბუნიამ მხოლოდ მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ.

ვინ არის ანგი ხუციშვილი დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები