შმაქსი

თბილისის ვიცე-მერი: "შმაქსის" საქმიანობა სამართალდარღვევაა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ „შმაქსის" საქმიანობა სამართალდარღვევაა. რადგან მათ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი რათა მგზავრმა ხელი დაუქნიოს, ხოლო კანონის მიხედვით, მგზავრის გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე სჭირდება ნებართვა. 

"აქ იმის ინტერპრეტაცია, რომ იქ ხდება საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა თუ რაღაცის ახსნა, თუ მოყოლა ამას არ აქვს მნიშვნელობა," - ამბობს ხმალაძე.

ხმალაძე განმარტავს, რომ "შმაქსის" საქმიანობას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ დღეს პატრულმა "შმაქსის" ნიშნით მოძრავი მანქანები გააჩერა, თუმცა დარღვევა ვერ აღმაოჩინა და გაუშვა. 

"ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. ჯერ იყო და რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, ახლა საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააფუძნეს,  ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ," - ამბობს ხმალაძე.

პოლიტიკური პარტია გირჩი მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ ტაქსაობენ "შმაქსაობას" სთავაზობს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს "შმაქსის" პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, "ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი" და მოსახლეობაში "საღ აზრსა და სწორა მორალს გაავრცელებს", ამავდროულად პირს სასურველ ადგილზე მიიყვანს. მისივე თქმით, ანაზღაურება მოხდება არა იმის მიხედვით, თუ რა მანძილს გაივლის მოქალაქე მანქანით, არამედ იმის მიხედვით, რამხელა საგანმანათლებლო მასალას მოისმენს მგზავრი და რამდენ ხანს.

კომპანია “შმაქსი” იურიდიულად უკვე რეგისტიტრებულია საჯარო რეესტრში. მისი დამფუძლებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმათლებლო იდეების გავრცელება არის. 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

კომენტარები