ხაზარაძე: გამოთქმა მინისტრის სქესს არ გულისხმობდა, ხაჭაპური ვახსენე პროკურატურაზეც

ორგანიზაცია "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, მაია ცქიტიშვილზე გაკეთებული კომენტარი განმარტა. მისი თქმით, ადამიანების ნაწილმა კომენტარი სექსისტურად აღიქვა. 

"თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“),"-წერს ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, ქალთა თანასწორობა და უფლებები მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის "პრინციპულად მნიშვნელოვანია", ამის დასტური კი, მისივე განმარტებით, "მოძრაობა" ლელოში ქალი წევრების რაოდენობაა.

"მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით. საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე,"-წერს ხაზარაძე.  

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, თქვა, რომ "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. "შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ,"-თქვა მან.

კომენტარები