სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ხაზარაძეზე: ქალის დამამცირებელი კომენტარები მიუღებელია ქართული კულტურისთვის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი მაია ცქიტიშვილის მიმართ მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი შეფასება კატეგორიულად მიუღებელია.

"ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით. ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მით უმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება, თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება, ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე", - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი არ გამოხმაურებია იმ სექსისტურ განცხადებებს, რომლებიც ბოლო დღეებში დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას მისამართით კეთდებოდა.

ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა.

"მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ", - თქვა მან.

მისი ამ განცხადების კრიტიკას ხაზარაძე მოგვიანებით ფეისბუქზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამოთქმა მინისტრის სქესს არ გულისხმობდა და ზუსტად იგივე კონტექსტში ახსენა ხაჭაპურის ცხობა პროკურატურაზე საუბრისას. ლელოს დამფუძნებელი ასევე დასძენს:

"საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე".

კომენტარები