ქალთა მიმართ ძალადობა

კაცი აღიარებს, რომ 21 წლის გოგოს ქუჩაში სცემა - მას პირობითი მსჯავრი შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

21 წლის სტუდენტზე თავდასხმაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ ერთი წლით გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

მიმდინარე წლის 19 ივნისს კაცი მარიამ ჯუღელს თავს იმის გამო დაესხა, რომ გოგომ ოჯახში ძალადობის დროს მისი ცოლის დახმარება სცადა.

მსხვერპლის ინტერესებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, "საფარი" იცავდა. 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კაცმა გამოძიების პირველივე დღიდან აღიარა დანაშაული და გუშინ, 2 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე არაერთხელ თქვა, რომ ჩადენილს ძალიან ნანობს.

"გუშინდელი პროცესი იმით იყო გამორჩეული, რომ ძალიან ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა და ბევრი რამ გვაჩვენა. ეს იყო სანიმუშო პროცესი, სადაც მოძალადემ გულწრფელად მოიხადა ბოდიში როგორც მარიამის, ასევე საზოგადოების წინაშე. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადი ძალადობის (ცოლზე  განხორციელებული ძალადობის) ნაწილში, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას არასოდეს ჩაუდენია ძალადობა და ეს "მისი ძალადობრივი ქმედების პირველი შემთხვევა იყო". ესაა ამ საქმის ყველაზე ბნელი მხარე, ვინაიდან ცოლი, ვისზე ფიზიკურ ძალადობასაც მარიამი უშუალოდ შეესწრო, დუმილს ამჯობინებს, რაც რეალურად ძალადობის გაგრძელებაა", - ამბობს ელისო რუხაძე, საფარის ადვოკატი.

კაცს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც საბოლოოდ მოსამართლემ ერთი წლით გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრით შეუცვალა.

"ბრალდებული და მისი ადვოკატი აპელირებდნენ ბრალდებულის მცირეწლოვან ბავშვებზე და ოჯახზე, რაც სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია", - აღნიშნავენ "საფარში".

21 წლის სტუდენტზე თავდასხმის შესახებ ტაბულა აქამდეც წერდა. მარიამ ჯუღელი ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, სადაც მისი სამსახურის ოფისია, მაღაზიაში გავიდა. ოფისისკენ მიმავალმა კი ყვირილი გაიგო. ითხოვდნენ შველას, პატრულის გამოძახებას. დასახმარებლად მისულს ბინის კარი ღია დახვდა, სადაც ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ტიროდნენ, იქვე იყო კაციც, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა. ბინაში იყვნენ დასახმარებლად მისული სხვა ადამიანებიც. მარიამ ჯუღელის თქმით, სავარაუდოდ, მეზობლები და ახლობლები.

ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აგრესიულმა კაცმა ბინა დატოვა, მეზობლებთან ერთად თვითონაც წამოვიდა და სამსახურში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა კაცი სადარბაზოსთან შეხვდა და ეკითხებოდა ვინ იყო, საიდან მოხვდა მის სახლში. მარიამის თქმით, მეზობელმა, რომელსაც მანამდე აუხსნა, რომ ამავე ეზოში მისი სამსახურის ოფისი იყო და არა საცხოვრებელი სახლი, კაცი სადარბაზოში შეიყვანა და თვითონაც წავიდა.

"გავაგრძელე გზა და დაახლოებით ერთ წუთში გავიგონე ყვირილი და დავინახე როგორ გამორბოდა ის კაცი ჩემი მიმართულებით, თან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩავთვალე, რომ გაქცევა უფრო საშიში იქნებოდა, ამიტომ ვარჩიე ადგილზე დავრჩენილიყავი და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც არ მქონია რეაგირება, რადგან უფრო მეტად არ გაღიზიანებულიყო. როცა მომიახლოვდა, პირველი, რაც გააკეთა, მარცხენა ხელში ჩამარტყა მარჯვენა ხელი. ხელში რაც მეჭირა - ტელეფონი, საფულე და ყველაფერი, რაც მაღაზიაში ვიყიდე, ძირს დამიცვივდა. შემდეგ გამეტებით მირტყამდა მუშტებს სახის და თავის არეში. ხელები ავიფარე და ვცდილობდი ცხვირი და თვალები დამეფარა, ამიტომ სახეზე შესამჩნევი დაზიანებები არ მაქვს. ძირითადი დაზიანებები არის ყბების და თავის არეში", - ამბობს მარიამ ჯუღელი ტაბულასთან.

21 წლის სტუდენტი ასევე ჰყვება, რომ ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა მხოლოდ ერთი ქალი ცდილობდა მოძალადისგან მის დაცვას, სხვები გულგრილად უყურებდნენ.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები