NATO- საქართველო

როუზ გიოტმიოლერი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე: კონსენსუსის ჩამოყალიბებაზე უნდა იმუშაოთ

როუზ გიოტმიოლერი

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გიოტმიოლერმა ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ სტუდენტების დასმულ კითხვებს უპასუხა. კითხვაზე რამდენად რეალისტურად მიაჩნია ნატოში საქართველოს გაწევრიანების მოდელი, რომელზეც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ისაუბრა და რა არის ალიანსის ოფიციალური დამოკიდებულება ამ სცენარისადმი გიოტმიოლერმა უპასუხა:

"ეს მიდგომა არ განიხილება ნატოში. მე ვახსენე განვითარებაზე და რეფორმებზე მუშაობა საქართველოში, თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ყურადღების გამახვილება და ნატოს მოკავშირეების ფოკუსი სწორედ ამაზეა...

...როგორც ვთქვი, ეს არ განიხილება ნატოს მოკავშირეებს შორის სათაო ოფისში. მართლაც, ბევრი უნდა იფიქროთ თქვენი წევრობის გზაზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსის ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალებაზე. რა არის საუკეთესო გზა ამისათვის? ეს დიდწილად საქართველოს გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ კონსენსუსის ჩამოყალიბების მნიშვნელობა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ რასმუსენმა ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ მოდელზე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

რასმუსენის თქმით იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცევლებლად გაწევრება.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა.

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები