სექსიზმი

სახალხო დამცველი მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამი მაია ცქიტიშვილის მიმართ არის სექსისტური შინაარსის და აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ.

"აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა თავისი განცხადებებით, სქესზე აპელირებით ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია.

"პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს.

სახალხო დამცველმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, სოციალურად აქტიური ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, რომ სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართონ საქმიანობა. ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, საჯარო პოლიტიკური დებატების ფარგლებში, ოპონირება მოხდეს პროფესიული კრიტიკის ჩარჩოში და არ ისახავდეს მიზნად პირის დამცირებასა და შეურაცხყოფას მისი პიროვნული მახასიათებლის თუ დადგენილი საზიანო სტერეოტიპების საფუძველზე", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მამუკა ხაზარაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამებისგან და მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს. 

ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა.

"მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ", - თქვა მან.

მისი ამ განცხადების კრიტიკას ხაზარაძე მოგვიანებით ფეისბუქზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამოთქმა მინისტრის სქესს არ გულისხმობდა და ზუსტად იგივე კონტექსტში ახსენა ხაჭაპურის ცხობა პროკურატურაზე საუბრისას. ლელოს დამფუძნებელი ასევე დასძენს:

"საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები