მაია ცქიტიშვილი

ცქიტიშვილი ხაზარაძეს დებატებში იწვევს: თუ არ შერცხვა თვალებში ჩამხედოს მას მერე, რაც იკადრა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ლელოს დამფუძნებელმა ერთხელ უარი თქვა დებატებზე, როცა საქმე ანაკლიის პორტს ეხებოდა.

"თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას არ შერცხვება მას შემდეგ, რაც მან დღეს იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში, მე რა თქმა უნდა მზად ვარ", - აღნიშნა მინისტრმა.

ცქიტიშვილი ასე ეხმაურება მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას მის მიმართ, სადაც ლელოს დამფუძნებელმა თქვა, რომ "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა" და "შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს".

"რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას", - თქვა ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებასაც გამოეხუმაურა, სადაც მან თქვა, რომ ქვეყნა გაჩერებულია. მაია ცქიტიშვილი მას ანაკლიის პორტზე მიუთითებს და ამბობს, რომ ხაზარაძემ უნდა ახსნას, რატომ არის დაგვიანებული ეს პროექტი.

"დღეს ქვეყანაში თითქმის წელიწადია გაჩერებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლიის პორტი და უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ თუ რატომ არის დაგვიანებული უკვე ორ წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა და რატომ ვერ მოახერხა მან 3 წლის განმავლობაში ინვესტორების ნდობის მოპოვება, რომ საკუთარ კაპიტალშივე 100 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზება მოეხერხებინა" - თქვა ცქიტიშვილმა.

ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა.

"მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ", - თქვა მან.

მისი ამ განცხადების კრიტიკას ხაზარაძე მოგვიანებით ფეისბუქზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამოთქმა მინისტრის სქესს არ გულისხმობდა და ზუსტად იგივე კონტექსტში ახსენა ხაჭაპურის ცხობა პროკურატურაზე საუბრისას. ლელოს დამფუძნებელი ასევე დასძენს:

"საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე".

კომენტარები