რუსთავი 2-ის საქმე

"კითხვები ძირითადად ეხებოდა რუსთავი 2-ის საქმიანობას" - ზაალ უდუმაშვილის დაკითხვა დასრულდა

rustavi2.ge

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

უდუმაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვები ძირითადად რუსთავი 2-ის საქმიანობას ეხებოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქმე პოლიტიკურია.

"კითხვებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. კითხვები, ძირითადად შეეხებოდა რუსთავი 2-ის საქმიანობას. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი რუსთავი 2-ში, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გავეცი პასუხი. დანარჩენი ვნახოთ...

თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რა კითხვები დაისვა, მე რა პასუხი გავეცი. ზოგადად, ეს საქმე არანაირ კავშირში არ არის არც სამართალთან, არც ძიებასთან და არაფერთან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ. დავალება მიღებულია და უნდა შეასრულონ, მაგრამ ჩვენც ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, როგორ უნდა ვიომოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, დაასრულებს ძალიან მალე ამ რეჟიმს ქვეყანაში", -თქვა მან.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ თუ მას ამ საკითხზე გამოკითხვაზე ისევ დაიბარებენ, პროკურატურაში კვლავ მივა.

მასთან ერთად დღეს გამოკითხვაზე დაბარებული იყო რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილი და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი. მან საგამოძიებო უწყება უდუმაშვილზე ადრე დატოვა.

პროკურატურა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის "კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ან გადამალვის" საქმეს იძიებს. 

ამ საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას დირექტორი", ზურაბ გუმბარიძე მთავარ პროკურატურაში 2 ოქტომბერს გამოკითხეს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

კომენტარები