ნატო-საქართველო

გოტმიოლერი: NATO-ს წევრობისთვის მოსამზადებლად უნდა გაგრძელდეს რეფორმების გზა და პროგრესი

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის მზადება "მოითხოვს გამბედაობას, თავდაჯერებულობას, მთელი საზოგადოების მიდგომას, განსხვავებული პოზიციის მქონე პარლამენტარების ერთად მუშაობას". 

ამის შესახებ გოტმიოლერმა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. გოტმიოლერის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

როუზ გოტმიოლერი ამბობს, რომ ნატო საქართველოში მიმდინარე შიდა და თავდაცვის სექტორის რეფორმებს უზრუნველყოფს, როგორც პრაქტიკული ისე პოლიტიკური მხარდაჭერით. 

"მიღწეულია არსებითი პროგრესი დემოკრატიის გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, თავდაცვის ძალებისა და ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით. თუმცა რეფორმების გზა და პროგრესი უნდა გაგრძელდეს საქართველოს სიმტკიცის, ნატო-ს მოკავშირეების გვერდით მუშაობის უნარის გასაძლიერებლად და რაც მნიშვნელოვანია, ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად,"- ამბობს გოტმიოლერი.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტი ბათუმში დღეს სრულდება. 

კომენტარები