ერაყი

ერაყში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი

Reuters

ერაყში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია 46 ადამიანი, მათი უმეტესობა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში.

ქვეყნის შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ პასუხისმგებლობა მთავრობას და პოლიტიკოსებს დააკისრა. მან მომიტინგეებს და პოლიციას ძალადობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა პასუხი გასცენ მომიტინგეთა მოთხოვნებს.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო.

საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე, მიმდინარე კვირას დაიწყო.

მას შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.

პოლიციის და სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით 18 ადამიანი ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნასირიაში მოკლეს, დედაქალაქ ბაღდადში - 16, 4 ქალაქ ამარაში და 4 ქალაქ ბაქუბაში. დაღუპულები არიან ქალაქ ჰილასა და ნაჯაფშიც.

ხელისუფლებამ კომენდატის საათი შემოიღო და ბაღდადში ჩრდილოეთიდან და ჩრდილოაღმოსავლეთიდან მომავალი გზები დაკეტა. სამხედროები გაგზავნეს ქალაქ ნასირიაში.

პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა. ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელის სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

კომენტარები