ავტოტრანსპორტის მოძრაობა

თბილისობის გამო რამდენიმე უბანში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ზოგზე - აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ზოგიერ ქუჩაზე კი აიკრძალება. 

კერძოდ:

  • ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტით გაადგილება აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით. 
  • მოძრაობა ასევე აკრძალულია ათონელის ქუჩაზე და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. მეტეხის აღმართიდან მომავალი ავტომანქანები მოძრაობას გააგრძელებენ ევროპის მოედნისკენ, ხოლო გვირაბიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი 1 ზოლად შევა ევროპის მოედნის წრეზე და სვლას გააგრძელებს ღვინის აღმართისკენ, ან უკან დაბრუნდება. 
  • 20:00 საათიდან ევროპის მოედანი სრულად გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლებენ.
  • დღეს, 22:00 საათიდან, მუხიანის დასახლებაში, ნოდარ დუმბაძის ხეივანი გაცალმხრივდება და ტრანსპორტი იმოძრავებს ნოზაძის ქუჩაზე.
  • 00:00 საათიდან კი გადაიკეტება ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
  • ასევე, 00:00 საათიდან გადაიკეტება მტკვრის მარცხენა სანაპირო. ავტომანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ისინი სვლას გააგრძელებენ გვირაბის გავლით, ისნის მიმართულებით.
  • დაიკეტება წყალტუბოს ქუჩაც და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სამტრედიის ქუჩის გავლით.
  • 5 ოქტომბრის 00:00 საათიდან 6 ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ბარათაშვილის ხიდის ამსვლელ პანდუსზე, ასევე, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვირაბიდან წამოსული ნაკადი იმოძრავებს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით, ასევე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ გვირაბის მიმართულებით.

საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა დღესასწაულის დასრულებისთანავე, 7 ოქტომბრიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება. 

კომენტარები