აშშ-ჩინეთი

ჩინეთი ტრამპის მოწოდებაზე: აშშ-ის შიდა საქმეებში არ ჩავერევით

ვანგ ი
aarthiknews

4 ოქტომბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს ჯო ბაიდენის საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკელ ხალხს საკუთარი პრობლემების მოგვარება თავად შეუძლიათ," - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტრამპმა გუშინ ისიც თქვა, რომ ბაიდენის კორუფციული გარიგებების გამო აშშ-ს ჩინეთთან უსამართლო სავაჭრო შეთანხმება ჰქონდა.

"ისინი ვაჭრობენ ბაიდენის მსგავს ადამიანებთან, სადაც შეუძლიათ მის შვილს მისცენ 1.5 მილიარდი დოლარი და ეს ჩინეთს მრავალი წლის მანძილზე სასურველ შეთანხმებას მოუტანს. ისინი ჩვენს ქვეყანას აკოტრებდნენ."

ტრამპმა ტვიტერზეც დაწერა, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კორუფციის გამოძიებაში სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ დახმარება.

ტრამპის განცხადებას ფედერალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ტვიტერზე გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით უცხოეთის მოქალაქისაგან რაიმე ღირებულის მიღება არალეგალურია.

ჯო ბაიდენის სპიკერმა დონალდ ტრამპი შეთქმულების თეორიების შეთხზვაში დაადანაშაულა. ჰანტერ ბაიდენის სპიკერმა კი თქვა, რომ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის შესახებ ინფორმაცია მცდარია და მას ჩინური ფირმებისაგან რაიმე მოგება ან კომპენსაცია არ მიუღია.

2013 წელს, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ჯო ბაიდენი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მას ვიზიტისას თან ახლდნენ შვილები, მათ შორის ჰანტერი. ვიზიტისას ჰანტერი ჩინელ ბანკირს, ჯონათან ლის შეხვდა, რომელიც შემდგომში მისი ბიზნესპარტნიორი გახდა. ჰანტერი ოფიციალურ პირებთან ბინზესშეხვედრებს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

CNN-ს წყარომ დაუდასტურა, რომ სწორედ ამ ზართან დაკავშირებით დაწერა სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა. ამ დრომდე კონგრესისათვის სარჩელის გადაცემას ტრამპის ადმინისტრაცია ბლოკავდა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

კომენტარები