ილია ჯიშკარიანი

საკრებულოში ოცნების დეპუტატს თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის უჩივის

Facebook: ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, თანამშრომელი ქალი თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანაშემწესთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

"დამაგდო ძირს. ეს ტელეფონი სულ მთლიანად დამიფშვნა. ჩემი ბიურო ძალიან ახლოსაა სახლთან, როგორ გამოვიქეცი სახლში, მე არ მახსოვს იმიტომ, რომ ისეთ ისტერიკაში ვიყავი... მე თვითონ დედაჩემის მობილურით გამოვიძახე სასწრაფო,"- ყვება თოდაძე. 

ილია ჯიშკარიანის თანამშრომლის ინტერესებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარი" იცავს. როგორც ბაია პატარაია ამბობს, რომ ჯიშკარიანი რომ დეპუტატი არ იყოს, ის უკვე დაკავებული იქნებოდა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღება იმიტომ, რომ როდესაც ასეთ გავლენიან პირზეა საუბარი, მოხდეს გარკვეული ჩარევები. მე როგორც ვიცი, მისი შვილი მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ასევე სუს-ში და შეიძლება, იყოს მცდელობა, რომ უფრო მსუბუქად გამოვიდეს ან საერთოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულება,"- ამბობს პატარაია მთავარ არხთან საუბრისას. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება. 

კომენტარები