გირჩი

გირჩმა სუს-ს "თავისუფლების შესახებ საგანმანათლებლო კურსის" მოსმენაში სერტიფიკატი გადასცა

5 ოქტომბერს გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსმენაში სერტიფიკატი გადასცა.

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოსმენის სერტიფიკატი მიიტანა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სუს მარიხუანას ფესტივალის შესახებ გამოძიების ფარგლებში პარტიის 10 წევრს უსმენდა.

"სერტიფიკატი გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მასზედ, რომ მან წარმატებით მოისმინა ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების შესახებ" - წერია სუს-თან მიტანილ სერტიფიკატზე.

ჯაფარიძის თქმით, სუს-ის დაჯილდოება მათ მიერ გირჩის იდეების მოსმენის აღსანიშნავად გადაწყვიტეს:

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია ამდენი ხნის განმავლობაში გირჩს უსმინო და იქიდან რამე აზრი არ გამოიტანო და რაღაც არ დაგრჩეს თავში".

სერტიფიკატს ორი ორგანიზაცია - ბიბლიური თავისუფლება და გირჩი აწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე შსს-მ გირჩის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა.

კანაფის ფესტივალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გირჩის 10 წევრს ერთი თვის განმავლობაში 14 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით უსმენდა.

მოსმენაზე ნებართვა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გასცა. ერთი წლის შემდეგ კი, საქმე დაიხურა და გირჩის წევრებს მოსმენის შესახებ აცნობეს.

გირჩის წევრები შსს-ში დაბარებას ტაქსების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით პარტიის ბოლო აქტივობას უკავშირებენ.

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში, 2018 წლის 20 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ ხელი შეუშალა და ჩაშალა. ადგილზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

გამოძიება გირჩის მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 13 ოქტომბერს დაიწყო, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში ლეგალური გახდა.

კომენტარები