რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: დამიჭირეთ ზალიკო უდუმაშვილისთვის პრემიის მიცემის გამო, მიდით

0 კომენტარი

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის ყოფილი სახეების გენერალურ პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება. 

გვარამია ამბობს, რომ ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია და ნოდარ მელაძე აღებულ პრემიებს იმსახურებდნენ და ეს ფული რუსთავი 2-ის არ ყოფილა. 

"15%-იანი კურიერის ავტორი ნოდარ მელაძე, ნამდვილად იმსახურებდა ყველანაირ პრემიას და 3%-იანი კურიერის ავტორებისგან კითხვებს არ მივიღებ, ძალიან დიდი ბოდიში. ასევე, 16 და 18 %-ზე ამსვლელი P.S-ის ავტორი გაბუნია, ნუ ზალიკო, რომელიც მოარული ტელევიზია იყო და ყველა დროის ყველაზე ცნობადი სახეა და გიორგი ლაფერაშვილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სახე იყო და გადავიდა ნიუსიდან და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაწეული სამუშაოსთვის ესეთი ტიპის დახმარება ჰქონოდა და თან ამ ადამიანს არ ჰქონდა ბინა, სამი შვილი ერთად გაუჩნდა და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო"- ამბობს გვარამია. 

მისი თქმით, ეს გამოკითხვები მისთვის ბრალის წაყენებით დასრულდება.  

"უნდათ რომ დამიჭირონ, ძალიან მარტივად. კიბატონო, დამიჭირეთ ზალიკო უდუმაშვილისთვის პრემიის მიცემის გამო. მიდით. ოღონდ ამას ექნება თავისი პოლიტიკური ფასი და აუცილებლად გაითვალისწინეთ. ისე ეს ამბავი არ დარჩება"- აღნიშნა გვარამიამ. 

ნოდარ მელაძე და რუსთავი 2-ის ყოფილი და მთავარი არხის მოქმედი წამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 4 ოქტომბერს დაიბარეს. მელაძე გამოკითხვაზე დღეს, 5 ოქტომბერს მივიდა. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ საქმე ეხება "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას".

3 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილი და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე და ჟურნალისტი, ზაალ უდუმაშვილი. საქმეზე გამოიკითხა ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები