რუსთავი 2-ის საქმე

თალაკვაძე: თუ რომელიმე ტელევიზიის დირექტორი პროკურატურაში დადის, ეს მართლმსაჯულების საქმეა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ტელევიზიის დირექტორების პროკურატურაში დაბარება მართლმსაჯულების საქმეა და მედიის თავისუფლებაზე ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს. 

თალაკვაძის თქმით, მედიის კრიტიკულობა დღეს დაცულია.  

"ჩემთვის მთავარი ის კი არა არის დირექტორები და მეწილეები სად დადიან. ჩემთვის მთავარია, სად დადიან ჟურნალისტები და როგორ მუშაობენ. რამდენი მიკროფონი არის ბრიფინგებზე და რამდენად მწვავე კითხვებს სვამენ ისინი. ეს ყველაფერი დღეს არის დაცული და თუ რომელიმე ტელევიზიის დირექტორი დადის პროკურატურაში, ეს ალბათ არის მართლმსაჯულების საქმე და ეს ვერავითარ გავლენას მედიის თავისუფლებაზე ქვეყანაში ვერ მოახდენს"- ამბობს თალაკვაძე. 

ნოდარ მელაძე და რუსთავი 2-ის ყოფილი და მთავარი არხის მოქმედი წამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 4 ოქტომბერს დაიბარეს. მელაძე გამოკითხვაზე დღეს, 5 ოქტომბერს მივიდა. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ საქმე ეხება "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას".

3 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილი და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე და ჟურნალისტი, ზაალ უდუმაშვილი. საქმეზე გამოიკითხა ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

კომენტარები