ილია ჯიშკარიანი

თალაკვაძე ოცნების დეპუტატის მიმართ ბრალდებაზე: განსაკუთრებით ყურადღებით იქნება შესწავლილი

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

განსაკუთრებით ყურადღებით იქნება ეს ფაქტი შესწავლილი - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანამშრომლის განცხადებას, რომ დეპუტატმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გაუპატიურება სცადა. 

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მოკლე დროში დადგინდეს სიმართლე. 

"მე მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან ეს ეხება ჩვენი გუნდის წევრს და სახელისუფლებო გუნდის წევრს, განსაკუთრებით ყურადღებით იქნება ეს ფაქტი შესწავლილი. ჩვენ წლების განმავლობაში ძალისხმევას ვხარჯავთ, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია აღმოიფხვრას. ჩვენს საზოგადოებაში შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა"- ამბობს თალაკვაძე. 

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანაშემწესთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება. 

კომენტარები