ილია ჯიშკარიანი

ჩუგოშვილი ჯიშკარიანზე: მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობრივი კუთვნილებისა

თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, საკრებულოში ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მასმედიით გავრელებული ინფორმაციის მოსმენა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით "ძალიან მძიმე იყო." 

"სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა,"-წერს ჩუგოშვილი. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, სამართალდამცავებმა "დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება." 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

თავად ჯიშკარიანი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და ტვ პირველთან საუბრისას თქვა, რომ შეუძლოდაა.  

თბილისის საკრებულოსთან დეპუტატისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მოქალაქეებმა აქცია გამართეს

კომენტარები