შმაქსი

საპატრულო პოლიციამ სამი შმაქსი დააჯარიმა

საპატრულო პოლიციამ 3 შმაქსი დაააჯარიმა. ამის შესახებ "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. 

შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმებული შმაქსის მძღოლებიდან, რომლებსად მგზავრები უსასყიდლოდ გადაჰყავდათ, ორს ტაქსის ლიცენზია არ ჰქონდა, ერთი კი ტაქსისთვის განკუთვნილ ფერთან შეუსაბამო ფერის ავტომობილით გადაადგილდებოდა.  

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, 4 ოქტომბერს თქვა, რომ თუ შმაქსის მძღოლები "ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად მიიშმაქსებიან."

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია გირჩი მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ ტაქსაობენ "შმაქსაობას" სთავაზობს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "შმაქსის" პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, "ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი" და მოსახლეობაში "საღ აზრსა და სწორ მორალს გაავრცელებს", ამავდროულად, პირს სასურველ ადგილზე მიიყვანს. მისივე თქმით, ანაზღაურება მოხდება არა იმის მიხედვით, თუ რა მანძილს გაივლის მოქალაქე მანქანით, არამედ იმის მიხედვით, რამხელა საგანმანათლებლო მასალას მოისმენს მგზავრი და რამდენ ხანს. 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

კომენტარები