მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის სკოლის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე  გახდა. ის ქართულს, როგორც მეორე ენას და ისტორიას ასწავლის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი წუხელ, მთაწმინდის პარკში გაიმართა. 

"ის რაღაც თავისუფლების მარცვალი, რომელიც შეიძლება გაღვივდეს მოსწავლეებში გაკვეთილებზე, მე ამას ყოველთვის ვცდილობდი და ვეცდები კიდეც მომავალში და ჩვენს მოსწავლეებს, ჩემი აზრით მასწავლებლებისგან სჭირდებათ სწორედ ასეთი მაგალითების ჩვენება, თავისუფლების მაგალითების ჩვენება. მასწავლებლებსაც გვჭირდება ერთმანეთს ვაჩვენოთ ასეთი თავისუფლების მაგალითები და ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და ასევე, ჩვენს განათლების სისტემასაც სჭირდება დავუჭიროთ მხარი, რათა უფრო მეტად იყოს ეს სისტემა თავისუფალი"- თქვა ჭაუჭიძემ ჯილდოს მიღების შემდეგ. 

მასწავლებელს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა. 

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო", მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.

შარშან ამ ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გახდა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ჩიბათის სკოლიდან. ის ასევე, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს ფინალისტიც იყო.

კომენტარები