ირმა ინაშვილი

ინაშვილი: Le Figaro-ში ჩემზე სტატია სააკაშვილმა და ბოკერიამ შეუკვეთეს

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ფრანგულ გამოცემაში Le Figaro მის შესახებ დაწერილ სტატიას ეხმაურება, რომელიც თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ინაშვილის შეჭრას ეხება. 

ინაშვილი მიიჩნევს, რომ ეს სტატია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, ერთობლივი დაკვეთით დაიწერა. 

"ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოურ გამოცემაში ან დაფინანსებული კომენტარის, ან თითქოსდა სარედაქციო სტატიის სახით, ჩემზე აბსოლუტურად მცდარი, ცილისმწამებლური სტატიები დაიბეჭდა. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კამპანიას აფინანსებს როგორც სამყაროზე გაბოროტებული სააკაშვილი, ისე ვითომ მასთან დაპირისპირებული, პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ბოკერია,"- წერს ინაშვილი. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ Le Figaro-ს ჟურნალისტი სტატიაში იტყუება, როცა წერს, რომ ინაშვილი კონფერენციაზე შეიჭრა და თან პარტიის აქტივი ახლდა. 

"ყველამ იცის, მარტო მივედი" - წერს ინაშვილი, რომელიც 10 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ინაშვილს თან ახლდა მისივე ტელევიზიის "ობიექტივი" ჟურნალისტი, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა და ღონისძიების ორგანიზატორს, ნინო ევგენიძეს, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. 

ინაშვილი ამბობს, რომ იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც სტატიის ავტორი მას მასალაში აყენებს, აპირებს გამოცემის რედაქციას მიწეროს და ამ კუთხით იმოქმედოს. 

"სტატიის ქართველ დამკვეთებს - სააკაშვილსა და ბოკერიას ვეუბნები: მაგარი საცოდავები ხართ. ჩემ წინააღმდეგ დასავლეთში ფულის ხარჯვა დაიწყეთ, ე.ი. გეშინიათ. სწორად გეშინიათ,"- წერს პრორუსული პარტიის ლიდერი. 

ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა წერილი სათაურით "საქართველო სუსტდება ევროპა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებით".

სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი სექტემბერში თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ პრორუსული პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ბაბა იაგას ჰგავდა, როცა დისკუსიის ჩაშლა სცადა.

"ბაბა იაგას ჰგავს, რუსული თქმულებების პერსონაჟს, რომელიც ბავშვებს აშინებს. მთლიანად შავებში ჩაცმული, აალებული თვალებით, მჭახე ხმით, ირმა ინაშვილი რაკეტასავით შეიჭრა სექტემბრის შუაში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ბოყინით, მიწოლით, უხეში ბიძგებით, რამდენიმე თანაშემწის თანხლებით პატრიოტთა ალიანსიდან, ქართული პრორუსული პარტიიდან, მას სურდა რუსეთთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის ჩაშლა," - წერს ფრანგი ჟურნალისტი. 

სტატიის ავტორის თქმით, ინციდენტი, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და თითქმის ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა, მრავლისმთქმელია ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატზე.

10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა უფლება, ღონისძიებას დასწრებოდა და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებისთვის ეპასუხა. აურზაურის გამოწვევის შემდეგ, ირმა ინაშვილმა შეკითხვა დასვა პანელზე, რომელშიც კურტ ვოლკერი, დენიელ ფრიდი და ლიტველი პარლამენტარი, ზიგიმინტას პავილიონისი მონაწილეობდნენ.

კომენტარები