რუსთავი 2-ის საქმე

პროკურატურამ გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს დაიბარა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ყოფილი და მთავარი არხის ამჟამინდელი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს უნდა მივიდეს. 

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ჟურნალისტი 16:00-ზეა დაბარებული. 

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია"- აცხადებენ პროკურატურაში. 

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე რუსთავი 2-ის ყოფილ და მთავარი არხის მოქმედ წამყვანთან, გიორგი გაბუნიასთან, ერთად გამოკითხვაზე 4 ოქტომბერს დაიბარეს. მელაძე გამოკითხვაზე 5 ოქტომბერს მივიდა. მისი თქმით, პროკურატურას მის მიმართ კითხვები რუსთავი 2-ის ყოფილი და მთავარი არხის მოქმედი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჰქონდათ. როგორც მელაძემ აღნიშნა, "ამ ყველაფრის მიზანი ნიკა გვარამიას დაკავებაა".

3 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილი და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე და ჟურნალისტი, ზაალ უდუმაშვილი. საქმეზე გამოიკითხა ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები