ილია ჯიშკარიანი

თოდაძე, რომელიც ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე ისევ მივიდა

0 კომენტარი

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ მივიდა. 

თოდაძესთვის პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. ის იმედოვნებს, რომ მისი დაზარალებულად ცნობა მეორედ დაკითხვის შემდეგ მოხდება. 

"ეს არის ჩვეულებრივი პროცესუალური საკითხი, ალბათ, დამაზუსტებელი კითხვები იქნება პირველ ჩვენებასთან დაკავშირებით და შიგნით პოლიციაში როცა შევალ, მერე გავიგებ, რა და როგორ იქნება,"- ამბობს თოდაძე ტვ პირველთან საუბრისას. 

ამ დრომდე პროკურატურას ილია ჯიშკარიანისთვსი ბრალი არ წარუდგენია. თოდაძე ამბობს, რომ იმ ღამით, როდესაც სავარაუდო ძალადობის შემთხვევა მოხდა, პოლიციამ სათანადო ზომები არ მიიღო. კერძოდ, თოდაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან პოლიცია თავის სახლში გამოიძახა, იგი სთხოვდა სამართალდამცველებს, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადასულიყვნენ ბიუროს ოფისში, რადგან მისივე თქმით, როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ მივიდნენ, ოფისი დალაგებული დახვდა. 

"მინდა, რომ იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ამბობს, რომ ეს არის მოგონილი - ფაქტები მაქვს მე და მტკიცებულებები. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ ბევრად მეტი მტკიცებულებების ამოღება შეიძლებოდა, პოლიციას რომ სათანადოდ ემოქმედა. თუმცა, ჩემს ხელთ არსებული ფაქტები და მტკიცებულებებიც საკმარისია იმისთვის, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო,"- ამბობს თამთა თოდაძე ტვ პირველთან. 

თოდაძის თქმით, მას სამხარაულის ექსპერტიზა მომხდარიდან მეორე დღესვე ჩაუტარდა და იმედს იტოვებს, რომ ექსპერტიზის პასუხი მალე იქნება. 

"მეორე დღესვე ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზა. ხელზე მქონდა ნაკაწრები და დაზიანებები ახლაც მაქვს ნაწილი, რომელიც ახლა ხორცდება. ძირითადი ნაწილი დამემართა, როდესაც ტელეფონს მართმევდა. მუხლზე მქონდა დაზიანება და სილურჯეები, რაც სამხარაულის ექსპერტიზამ აღნიშნა მეორე დღესვე,"- ამბობს თოდაძე. 

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ პირველად 4 ოქტომბერს მთავარ არხთან ინტერვიუში დაადანაშაულა. 

თოდაძე ყვება, რომ შემთხვევა 30 სექტემბერს საღამოს ისნის მაჟორიტარის ოფისში მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა ის ჯერ ჩაიხუტა, შემდეგ კი, თოდაძის თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თოდაძე ყვება, რომ თავდაცვის მიზნით, მან დეპუტატს უთხრა, რომ მის ქმედებებს მობილური ტელეფონით იღებდა, რის შემდეგაც, ყვება თოდაძე, ჯიშკარიანმა მას მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები