ილია ჯიშკარიანი

ადვოკატი: ჯიშკარიანის მეგობარმა, მისივე თხოვნით, თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა

თამთა თოდაძის ადვოკატი ამბობს, რომ საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ახლობლები თოდაძის დედას დაუკავშირდნენ და მას სთხოვეს, უკან წაეღო ჩვენება, რომლითაც ის ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

ამის შესახებ ადვოკატმა თამარ ლუკავამ თოდაძისა და დედამისის განმეორებითი გამოკითხვის შემდეგ ისაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, რომ ჯიშკარიანის მეგობარი, ჯიშკარიანისა და მისი ოჯახის თხოვნით, თოდაძის დედას დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა. 

ადვოკატისვე თქმით, ეს იქამდე მოხდა, სანამ თოდაძე ამბავს ტელევიზიით გაასაჯაროვებდა. 

"დღეს დამატებითი გამოკითხვა ჩატარდა და გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან და მათ მიერ შემოთავაზებული იყო მორიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი გამოძიება," - თქვა თამარ ლუკავამ. 

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ პირველად 4 ოქტომბერს მთავარ არხთან ინტერვიუში დაადანაშაულა. 

თოდაძე ყვება, რომ შემთხვევა 30 სექტემბერს საღამოს ისნის მაჟორიტარის ოფისში მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა ის ჯერ ჩაიხუტა, შემდეგ კი, თოდაძის თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თოდაძე ყვება, რომ თავდაცვის მიზნით, მან დეპუტატს უთხრა, რომ მის ქმედებებს მობილური ტელეფონით იღებდა, რის შემდეგაც, ყვება თოდაძე, ჯიშკარიანმა მას მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა.

პროკურატურას თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. ბრალი არ აქვს წარდგენილი არც ილია ჯიშკარიანს. 

კომენტარები