ილია ჯიშკარიანი

ლომჯარია ოცნების დეპუტატის სავარაუდო გაუპატიურების მცდელობის საქმეს მონიტორინგს გაუწევს

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, მათ უკვე მიმართეს სამართალდამცავ უწყებას. სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

"საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან.

მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია"- ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ პირველად 4 ოქტომბერს მთავარ არხთან ინტერვიუში დაადანაშაულა. 

თოდაძე ყვება, რომ შემთხვევა 30 სექტემბერს საღამოს ისნის მაჟორიტარის ოფისში მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა ის ჯერ ჩაიხუტა, შემდეგ კი, თოდაძის თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თოდაძე ყვება, რომ თავდაცვის მიზნით, მან დეპუტატს უთხრა, რომ მის ქმედებებს მობილური ტელეფონით იღებდა, რის შემდეგაც, ყვება თოდაძე, ჯიშკარიანმა მას მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა.

პროკურატურას თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. ბრალი არ აქვს წარდგენილი არც ილია ჯიშკარიანს. 

კომენტარები