ილია ჯიშკარიანი

კალაძე ჯიშკარიანზე: არ უნდა დატოვოს მანდატი, ინფორმაცია, შეიძლება, არასწორი იყოს

Facebook/ ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც საკრებულოს თანამშრომელი, თამთა თოდაძე, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დეპუტატის მანდატი არ უნდა დატოვოს. მისი თქმით, შესაძლოა, გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყოს.   

"თუ მას დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, გამოძიების წინაშე უნდა აგოს პასუხი. მე მგონია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. თუ მას ასეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის არის ძალიან მძიმე, თუ ეს დამტკიცდა, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება,"-თქვა კალაძემ. 

ცნობისთვის, საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ პირველად 4 ოქტომბერს მთავარ არხთან ინტერვიუში დაადანაშაულა. 

თოდაძე ყვება, რომ შემთხვევა 30 სექტემბერს საღამოს ისნის მაჟორიტარის ოფისში მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა ის ჯერ ჩაიხუტა, შემდეგ კი, თოდაძის თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თოდაძე ყვება, რომ თავდაცვის მიზნით, მან დეპუტატს უთხრა, რომ მის ქმედებებს მობილური ტელეფონით იღებდა, რის შემდეგაც, ყვება თოდაძე, ჯიშკარიანმა მას მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. 

თოდაძის დედის, ხათუნა ოქროპირიძის თქმით, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მასთან ილია ჯიშკარიანის მეგობარი, მამუკა ფეიქრიშვილი მივიდა. ოქროპირიძის თქმით, ფეიქრიშვილი მას მორიგებას თავაზობდა. თოდაძის დედის თქმით, ფეიქრიშვილმა მას უთხრა, რომ "დავით ვერაფერს გახდებოდა".

კომენტარები