ბრექსითი

მაკრონი: ევროკავშირი კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა ბრექსითზე შეთანხმება

0 კომენტარი
ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი ფოტო: Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს უთხრა, რომ ევროკავშირი მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაწყვეტს შესაძლებელი იქნება თუ არა ბრექსითზე ახალი შეთანხმების მიღწევა.

მაკრონს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის პრინციპების დაცვით ამ საკითხზე შეთანხმება.

"მომდევნო დღეებში მიშელ ბარნიეს გუნდთან მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს, რათა კვირის ბოლომდე შევაფასოთ შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის პრინციპების პატივისცემით." უთხრა მან ჯონსონს სატელეფონო საუბრისას.

ბორის ჯონსონმა კი თქვა, რომ ევროკავშირი არ უნდა შეცდეს და დაიჯეროს, რომ 31 ოქტომბერს ბრექსითის გადადება მოხდება. მიუხედავად ჯონსონის ნათქვამისა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მას ავალდებულებს 19 ოქტომბრამდე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ევროკავშირისაგან ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა ითხოვოს.

გადამწყვეტი მოლაპარაკებები ჯონსონსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

ჯონსონს მიაჩნია, რომ ირლანდიის საზღვარზე გამშვები პუნქტების ასაცილებლად ტექნოლოგიების გამოყენების მისეული გეგმა ე.წ. "ბექსტოპის" პრობლემას გადაჭრის, თუმცა ევროკავშირი ბრიტანეთის მსგავსად კომპრომისებზე უნდა წავიდეს. ჯონსონი ირწმუნება, რომ პარლამენტარები ბრექსითის მის გეგმას მხარს დაუჭერენ.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა ყოფილი პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.

ჯონსონის შემოთავაზების მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები