ვანო ზარდიაშვილი

ოხანაშვილი: ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვების საკითხი გუნდში არ განხილულა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის შესაძლო დატოვების საკითხი გუნდში არც დასმულა და არც განხილულა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრება ზარდიაშვილი სესიებსა და კომიტეტის სხდომებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მას საპატიო მიზეზი აქვს და ამის შესახებ პარლამენტს აცნობა. 

"ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ საპატიო მიზეზით ვერ ესწრება და რა არის ეს მიზეზი, ამის წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დეპარტამენტში," - ამბობს ოხანაშვილი.

TV პირველის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს დატოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემა დღის ამბებში გავრცელდა. 

პირველი ესაუბრა ვანო ზარდიაშვილსაც. მანდატის დატოვებაზე დასმულ კითხვაზე ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. "არა, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს",— განაცხადა ზარდიაშვილმა TV პირველთან საუბარში.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, დეპუტატი ქართული ოცნების წევრია. 

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

კომენტარები