უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი: სასამართლო უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მაია ვაჩაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უფრო მეტად დამოუკიდებელია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

ამის შესახებ მან ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის, კითხვის პასუხად ისაუბრა, რომელმაც კანდიდატს ხელისუფლებების შეფასება სთხოვა. მდინარაძე იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოყვა ისტორიას, რომ მასთან 6 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე მივიდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გაანდო თავისი ეჭვი, რომ "მოსამართლეობის კანდიდატები ცდილობენ არ დაწვან ხიდები გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან". 

ამას მდინარაძემ მოაყოლა კითხვა, რომლის მიხედვითაც კანდიდატს უნდა შეეფასებინა, როგორი მმართველობის ფორმა იყო 2003-2012 წლებში და როგორი მმართველობის ფორმაა 2012 წლის შემდეგ. 

"აქვე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ გავიგოთ, ადამიანისგან, რომელიც მუშაობთ 1999 წლიდან სასამართლო სისტემაში სასამართლოში არსებული პრობლემები 1999 წლის შემდეგ, შემდეგ 2003-12 წლებში, 2012 წლის შემდეგ. ჩვენ გვესმის ათასგვარი საუბარი სასამართლოსთან დაკავშირებით და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება იმ გამოწვევებზე, რაც სასამართლოშია დღეს, იმაზე, რაც იყო 2012 წლამდე, იმაზე, რაც იყო 99 წლის შემდეგ. ჯერ მმართველობის ფორმასთან დაკავშირებით, შემდეგ სასამართლო,"- თქვა მდინარაძემ. 

ვაჩაძე ამბობს, რომ ყველა ხელისუფლებასა და ყველა სასამართლოს თავისი გამოწვევა, პლუსები და მინუსები ჰქონდა. მისი შეფასებით, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა კორუფცია იყო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ახალმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. თუმცა, ვაჩაძის შეფასებით, ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით ხდებოდა. 

"მიზანი იყო კარგი, მაგრამ საშუალებები ხანდახან არ ამართლებს მიზანს. ამ პერიოდისათვის [2003-12] დამახასიათებელია რამდენიმე დევიზი - მიზანი ამართლებს საშუალებას; ტოტალური შეუმწყნარებლობა დანაშაულს და სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა.

შეიძლება, ამ პერიოდისათვის, მაშინ, როდესაც სახელმწიფოში მოვიდა ძალა, რომელსაც უნდოდა ძალიან სწრაფად ყველაფრის შეცვლა და ამ მიზნისთვის იგი გარკვეულ საშუალებებს არ აძლევდა უფლებათა დაცვის სფეროში და, შესაბამისად, ამას ხელს უწყობდა თვითონ მმართველობის სტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როდესაც ერთი პირის ძალაუფლებას ექვემდებარება მრავალი შტო, ყველა ამ გამოწვევამ მოიტანა შედეგი, რომელიც სახეზეა,"- ამბობს ვაჩაძე.

კანდიდატის თქმით, 2003-12 წლებში სასამართლო სისტემაში იყო უხეში დარღვევები, რომლებიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში გამოიხატება. 

"უხეში დარღვევები არ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ სტრუქტურას, არ შეიძლება, რომ უხეში დარღვევები ჰქონდეს ვთქვათ, სახელისუფლებო შტოებს, არ ჰქონდეს სასამართლოს, როცა ჩვენ გვაქვს დანაწილების პრინციპი. ე.ი. ყველას აქვს უხეში დარღვევა,"- თქვა ვაჩაძემ. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამბობს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაფასებლად სამი კრიტერიუმი არსებობს: ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ხელისუფლების ნება და მოსამართლის პიროვნული დამოუკიდებლობა. 

"თუ გადავხედავთ პერიოდს, ჩვენ დავინახავთ, რომ ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა არ იყო ისეთი, როგორიც არის დღეს.

მოვიყვანოთ რამდენიმე შედარება: შედარება იმისა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მუდმივი დანიშვნა მოსამართლეების. ჩვენ გვქონდა განსაზღვრული ვადით დანიშვნა. გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით დანიშვნასთან ერთად გვქონდა სასამართლოს ლიკვიდაციის ფაქტები, რაც იყო ასევე ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისთვის დამანგრეველი. 

გარდა ამისა გვქონდა ძალიან უხეში ჩანაწერი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონში, რომელიც ამბობდა, რომ კანონის უხეში დარღვევა გახლავთ მოსამართლობის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. აი, ეს დღეს აღარ გვაქვს, შესაბამისად, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა დღეს უკეთესია, თუმცა ამ მხრივ ყველაფერი არ არის გაკეთებული,"- ამბობს მაია ვაჩაძე. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატს უსმენს, რომლებიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაუგზავნა. 7 ოქტომბერს კომიტეტი მოსამართლე მაია ვაჩაძეს უსმენს. ვაჩაძე 1984 წლიდან იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. 1995 წელს ის გლდანი-ნაძალადევის რაიონული მოსამართლე გახდა, ხოლო 1999 წლიდან კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 

კომენტარები