სახელმწიფო შესყიდვები

ლელო: ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვების პრაქტიკა საეჭვო და დაუსაბუთებელია

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს წევრი და ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფცია" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარეიბს სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების პრაქტია საეჭვო და დაუსაბუთებელია.

ენუქიძე ხაზს უსვამს აუდიტის სამსახურის 2018 წლის მონიტორინგის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი 169 200 000 ლარის ათვისება უწყებამ ვერ შეძლო.

გარდა ამისა, 64 კაპიტალური პროექტიდან 22-ში გამოყოფილი თანხის 80%-ზე ნაკლები იყო ათვისებული, 2017 წელს კი 23 კაპიტალური პროექტი საერთოდ არ შესრულებულა. მათი ჯამური ღირებულება 46.8 მილიონ ლარს აღწევდა.

ლელოში ამბობენ, რომ კვლავ პრობლემურად რჩება სახელმწიფოს მიერ ჩატარებული "გამარტივებული შესყიდვები".

ამასთან, ენუქიძის თქმით, კომპანიების ნაწილი მარტო მონაწილეობს ტენდერებში, რის გამოც ფასები არ იკლებს. გარდა ამისა, პირობების სათანადოდ ვერშესრულების შემთხვევაში, არ დგება შემსრულებლის პასუხისმგებლობის საკითხი. ის საუბრობს ისეთ შემთხვევებზეც, როცა კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ, მისი მფლობელი ახალ შპს-ს ქმნის, კვლავ მონაწილეობს და იგებს სახელმწიფო ტენდერებს.

"ქართული ოცნება გვატყუებს, როდესაც საუბრობს თავის წარმატებებზე და დაგვცინის, როცა გამუდმებით გვპირდება, მაგრამ არასდროს რეაგირებს საზოგადოების მიერ გამოვლენილ პრობლემებზე დროულად და ადეკვატურად," - აცხადებენ ლელოში.

კომენტარები