ქართული ოცნება

მდინარაძე: ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე თანაგუნდელის მიერ პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვებას ეხმაურება და ამბობს, რომ ვანო ზარდიაშვილმა წასვლის შესახებ აზრი პირველად რამდენიმე თვის წინ გაახმოვანა. 

მდინარაძის თქმით, მას ზარდიაშვილმა რამდენიმე თვის წინ უთხრა, რომ "მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის გამო", პარლამენტის დატოვებას აპირებდა. 

"აქედან გამომდინარე, მან მიიღო საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ ახლა ეს შავი პიარი არის პიკში, ასე ვთქვათ, და აქედან გამომდინარე დღეს მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც მან ჩემთან პირად საუბარში რამდენიმე თვის წინ გაახმოვანა,"- ამბობს მდინარაძე. 

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნების გუნდი ვანო ზარდიაშვილს ეუბნებოდა, რომ მანდატის დასატოვებლად ახლა საუკეთესო დრო არ არის, რადგან "შეიძლება, ვიღაცას ესპეკულირა", თუმცა მან მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. 

"როცა მან პირველად თქვა, მაშინ ასე დაძაბული ამ კონკრეტულ საკითხებთან სიტუაცია არ იყო, არც ასეთი მძიმე ინციდენტები არ იყო და აქედან გამომდინარე, იყო, რა თქმა უნდა, მასთან საუბრები, რომ ახლა არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მან თქვა, რომ ეს შავი ნეგატიური პიარისა და ტალახის სროლის პიკში მე ვალდებული ვარ, გავუფრთხილდე ჩემს ოჯახს და ჩემს გუნდს და გუნდმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება მისგან,"- ამბობს მდინარაძე.

შკეითხვაზე, ხომ არ დაატოვებინეს ზარდიაშვილს პარლამენტი, მდინარაძე პასუხობს, რომ ზარდიაშვილისთვის ბევრი ტყუილი დაუბრალებიათ და "ეს ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ", რომ გადაწყვეტილება თავისით მიიღო. 

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გაავრცელა. განცხადებაში ზარდიაშვილი წერს, რომ მას არ სურს იყოს "პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების, თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნასა და პოზიტიური პროცესების დაზიანებას" მასზე "შეტევით ცდილობენ". 

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

კომენტარები