აშშ-თურქეთი

ტრამპი: თუ თურქეთი სირიაში ზღვარს გადავა, ეკონომიკურად გავანადგურებ და მიწასთან გავასწორებ

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ თუ თურქეთი სირიაში ზღვარს გადასცდება, მის ეკონომიკას ჩამოშლის:

"როგორც ადრე ნათლად განვაცხადე, უბრალოდ, რომ გავიმეორო, თუ თურქეთი გააკეთებს რამეს, რასაც მე, ჩემი დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით, ზღვარგადასულად ჩავთვლი, სრულად გავანადგურებ და მიწასთან გავასწორებ თურქეთის ეკნომიკას (როგორც გამიკეთებია კიდევაც ადრე!). მათ, ევროპამ და სხვებმა, უნდა მიხედონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებულ მებრძოლებს და ოჯახებს. აშშ-მა ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმეს შეეძლო მოლოდინი ჰქონოდა, მათ შორის დაიკავა ISIS-ის ხალიფატის 100%. ახლა დროა რეგიონში სხვებმა, რომელთა ნაწილსაც დიდი სიმდიდრეც აქვს, დაიცვან საკუთარი ტერიტორია. აშშ დიდებულია!"

სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა გუშინ დაიწყო. თეთრი სახლის პრესმდივანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონი შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისივე თქმით აშშ არც მხარს უჭერს და არც მონაწილეობს თურქეთის ამ სამხედრო ოპერაციაში.

"თურქეთი მალე დაიწყებს ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მხარს არ დაუჭერენ და მონაწილეობას არ მიიღებენ ამ ოპერაციაში და აშშ-ის ძალები, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიული "ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ამ არეალში აღარ იქნებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამიერდიან ამ ტერიტორიაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში დაკავებულ ISIS-ის ტერორისტებზე პასუხისმგებლობა თურქეთს დაეკისრება, ვინაიდან საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა, საიდანაც ისინი სირიაში ჩავიდნენ, მათ მიღებაზე უარი თქვეს.

მისი კომენტარი დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარს მოჰყვა, რომელშიც პრეზიდენტებმა სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონების შექმის საკითხი განიხილეს. ისინი მომავალ თვეს ვაშინგტონში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ერდოღანმა თქვა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის ჩატარება გარდაუვალია.

ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს რესპუბლიკურ პარტიაში. რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც ჩვეულებრივ ტრამპის ღია მხარდამჭერია, ამჯერად თქვა, რომ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დაუკავშირდა და სენატში რეზოლუციას წარადგენს ჯარის გამოყვანის გადაწყვეყილების შესაჩერებლად.

"არასდროს არაა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში მოკავშირის მიტოვება, რომელიც ISIS-თან ბრძოლაში დაგვეხმარა. პრეზიდენტის ეს იმპულსური გადაწყვეტილება გააუქმებს ჩვენს ყველა მიღწევას და რეგიონში ქაოსს გამოიწვევს." თქვა მან.

ტრამპმა საკუთარი დაგაწყვეტილება ტვიტერზე დაიცვა. მან დაწერა, რომ სირიის დემოკრატიული ძალების, რომელიც დიდწილად ქურთი მებრძოლებისაგან შედგება, დახმარება აშშ-ს ზედმეტად ძვირი უჯდება.

"ქურთები ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, მაგრამ მათ დიდი რაოდენობის თანხა და აღჭურვილობა მიიღეს სანაცვლოდ. ისინი თურქეთს ათწლეულებია ებრძვიან. მე შევაჩერე ეს ბრძოლა თითქმის 3 წლის განმავლობაში, მაგრამ დროა გამოვიდეთ ამ დაუსრულებელი ომებიდან, რომელთა ნაწილი კლანურია, და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ იქ, სადაც ჩვენს ინტერესებშია, და მხოლოდ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.

თურქეთი, ევროპა, სირია, ირანი, ერაყი, რუსეთი და ქურთები უნდა გაერკვნენ სიტუაციაში და იმაში, თუ რა უნდა უქნან ISIS-ის მებრძოლებს თავიანთ "სამეზობლოში". მათ ყველას სძულთ ISIS, წლებია მტრობენ. ჩვენ 7000 მილით ვართ დაშორებულები და კვლავ გავანადგურებთ ISIS-ს, თუ მოგვიახლოვდებიან!" დაწერა მან

თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას დიდი ხანია გეგმავს, რადგან მათ ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. სირიაში ქურთი მებრძოლები აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში შედიოდნენ და აშშ-ს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

თურქეთი ირწმუნება, რომ უსაფრთხო ზონების შექმნა ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას ისახავს მიზნად, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

ნატოს მოკავშირეები სირიაში, თურქეთის საზღვართან ზონების შექმნაზე აგვისტოში შეთანხმდნენ, თუმცა, თურქეთს მიაჩნდა, რომ აშშ ამ მიმართულებით ძალიან ნელა მოქმედებდა და არაერთხელ განაცხადა, რომ თავად განახორციელებდა სამხედრო ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც აშშ-ის ძალების სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად იყვნენ განთავსებული. ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ ზონის ტერიტორიის საკითხზეც. უთანხმოება თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენის შემდეგ გამწვავდა.

რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გამოყვანა გასულ წელსაც დააანონსა. მაშინ მან თქვა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და ჯარისკაცები სახლში უნდა დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც. თანამდებობა დატოვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა.

ამასთანავე, ტრამპი თურქეთს დაემუქრა, რომ ეკონომიკურად გაანადგურებდა, თუ ქურთების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდა. მან ქურთები გააფრთხილა პროვოკაციებისაგან თავი შეეკავებინათ.

ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს ეკონომიკური სანქციები გასულ წელს ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავების გამო დაუწესა. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებდა და მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ ის გაათავისუფლეს და აშშ-ში დაბრუნდა.

სანქციებმა თურქული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.

კომენტარები