აშშ-ჩინეთი

აშშ-მა სინძიანში უიღურების უფლებების დარღვევის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

AFP

აშშ-მა ჩინეთის სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.

მათ შორის არის როგორც სამთავრობო სააგენტოები, სინძიანის საჯარო უსაფრთხოების ბიურო, ასევე სათვალთვალო და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები Hikvision, Dahua Technology და Megvii Technology.

მათ ვაშიგნტონიდან თანხმობის გარეშე ამერიკული პროდუქციის შეძენა არ შეეძლებათ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

სინძიანში ჩინეთის ქმედებები დაგმეს აშშ-მა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, თუმცა ზოგიერთი მუსლიმური ქვეყანა, რომელიც ჩინეთთან ბიზნესს აწარმოებს მკაცრი კრიტიკისაგან თავს იკავებს, მათ შორის პაკისტანი, კატარი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ფარგლებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთს უკვე დაუწესა არაერთი სანქცია.

მაისში დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე. აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

ამის შემდეგ Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა. Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Intel-მა და Qualcomm-მაც, რომლებიც ჩინურ კომპანიას მიკროპროცესორებს აწვდიდნენ. Huawei-სთან თანამშრომლობა იაპონურმა ფირმა Panasonic-მაც შეწყვიტა.მსგავსი ნაბიჯი გადადგა იაპონურმა Softbank-მა და KDDI-მ.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, რომელიც ტრამპის ზემოთაღნიშნული განცხადების შემდეგ, შესაძლოა, 15% გახდეს.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.

კომენტარები