ტაქსების რეგულაციები

კალაძე ტაქსის გაძვირებაზე: თუ ვინმესთვის იქნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები, მეტრო

0 კომენტარი
ფოტო: fortuna.ge

"თუ ვინმესთვის იქნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით", - ასე პასუხობს თბილისის მერი ჟურნალისტის კითხვას ტაქსებზე გაზრდილი ტარიფების შესახებ.

კახა კალაძის თქმით, ტაქსების რეფორმის მთავარი ამოცანა კომფორტული სერვისი, სისუფთავე და ავტომობილის უსაფრთხოებაა, ამ ყოველივემ კი შესაძლოა ტაქსით გადაადგილების საფასურის ზრდა გამოიწვიოს. კალაძის შეფასებით, ეს ნორმალურიც იქნება.

მისივე თქმით, მან ორი წლის წინ წარმოადგინა სატრანსპორტო პოლიტიკის ხედვა და ის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა არის გასაკეთებელი. მისივე თქმით, ტაქსები ამ რეფორმაში ერთ-ერთი მიმართულებაა, - "ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება - ავტობუსი, მეტრო, ასევე ტაქსები. ქალაქში გადაადგილება იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული", - ამბობს კალაძე.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე რეფორმების დასრულების შემდეგ აუცილებლად გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

თუ რა შედეგები მოიტანა ტაქსების რეგულაციებმა, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები