ხოაკინ ფენიქსი

5 საინტერესო რამ, რაც ხოაკინ ფენიქსს როლებისთვის გაუკეთებია

0 კომენტარი
ფოტო: NY Times

ხოაკინ ფენიქსი ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. ახლა, როცა კინოთეატრებში ახალი ფილმი JOKER გადის, რომელშიც ის მთავარ გმირს, არტურ ფლეკს - ჯოკერს, ასრულებს, გავიხსენოთ რამდენიმე სრულიად არანორმალური რამ, რაც მას სხვადასხა როლებისთვის გაუკეთებია. 

1) ითხოვდა, რომ მისთვის სხვა სახელით მიემართათ და  მსახიობებს აშიმშილებდა

ფილმში Walk the Line ფენიქსი ლეგენდარულ მუსიკოსს, ჯონი ქეშს თამაშობს, რომელსაც მსახიობი არაფრით ჰგავს. ფენიქსს დიდი ძალისხმევა დასჭირდა როლში შესასვლელად. გარდა იმისა, რომ მან შეისწავლა ქეშის ბიოგრაფია და გადასაღებ მოედანზე გიტარას ხელიდან არ აგდებდა, მან ყველას უთხრა, რომ მისთვის ჯ.რ (ჯეი არ) დაეძახათ და საკუთარ სახელზე არ რეაგირებდა. ხოლო ციხის კადრების გადაღებისას ფენიქსმა მოითხოვა, რომ სტატისტები მშივრები ყოფილიყვნენ. ამ ყოველივემ შედეგი ნამდვილად გამოიღო. ფენიქსი ჯონი ქეშის როლისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული და ოქროს გლობუსი დაიმსახურა

2) მეხანძრედ იმუშავა

იმისთვის, რომ ფილმში Ladder 49 მეხანძრის როლი დამაჯერებლად შეესრულებინა, ფენიქსმა ბალტიმორის სახანძრო აკადემიაში ჩააბარა და სხვა სტუდენტებთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდა. რაღაც დრო გამოძახებებზეც დადიოდა და ნამდვილ ხანძარს აქრობდა. ამ გამოცდილებამაც გაამართლა, რადგან ფილმის გამოსვლის შემდეგ, მსახიობის თქმით, მეგობარი მეხანძრეები წერილებს სწერდნენ და მის რეალისტურ თამაშს აქებდნენ. 

3) კარიერისგან დაისვენა და გიჟივით იქცეოდა 

ფილმში Two Lovers თამაშის შემდეგ, ფენიქსს და მის მეგობარს - კეისი აფლეკს მოკუმენტარის გადაღების იდეა გაუჩნდათ. სურდათ, ვარსკვლავების მედიასა და ფანებთან ურთიერთობა აღეწერათ. ფენიქსმა კარიერისგან თვრამეტთვიანი პაუზა აიღო და სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. სატელევიზიო შოუში მაგიდას კევას აკრავდა, რაღაც გაუგებარს ბუტბუტებდა, რეპ კონცერტიც კი ჩაატარა. თუმცა ყოველივე ეს ხელოვნებისთვის. მოკუმენტარიმ I'm Still Here აჩვენა როგორ ხდება კინოსა და რეალობას შორის საზღვრების წაშლა. 

4)  შიმშილობდა

ფილმში - Mary Magdalene იესო ქრისტეს როლის შესასრულებლად, მან სახარება წაიკითხა და ქრისტეს პერსონაჟში ადამიანური თვისებების პოვნა სცადა. იმისთვის, რომ პერსონაჟთან სიახლოვე ეგრძნო, მსახიობმა დიდი ხნის განმავლობაში იშიმშილა, რაც, მისი თქმით, საკმაოდ რთული იყო, რადგან გადაღებები სიცილიაზე მიმდინარეობდა და მოედნიდან გაქცევისა და გემრიელი კერძების ჭამის სურვილის დათრგუნვა მან დიდი ძალისხმევით მოახერხა. 

5) ყბა "დაიბა" და გადასაღები მოედანი დაანგრია

პოლ ტომას ანდერსონის თქმით, ფილმ The Master-ის, რომელშიც ფენიქსი კულტის ლიდერის გავლენის ქვეშ მოქცეული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის როლს ასრულებს, გადაღებისას მსახიობმა საკუთარი ჯანმრთელობა არაერთხელ აზარალა. ფენიქსი კბილის ექიმთან მივიდა და ყბის და კბილების დამჭერი დაიყენა, რომ პირის გახსნა არ შეძლებოდა.  ეს მთავარი გმირის ღიმილის იდეალურად გადმოცემისთვის გააკეთა. ასევე, ფენიქსმა, ერთერთი ინტენსიური გადაღების დროს გადასაღები მოედნის საპირფარეშო დაანგრია. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები