ბრექსითი

ტუსკი ჯონსონს: სასწორზე არა სულელური გადაბრალების თამაშის მოგება, არამედ ევროპის მომავალია

Getty Images

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთი "გადაბრალების სულელურ თამაშში" დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც დაუნინგ სტრიტის წყარომ ბორის ჯონსონისა და ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ ბრექსითზე ახალი შეთანხმების მიღწევის საკითხი გერმანიის კანცლერის მხრიდან მიუღებელი მოთხოვნების გამო ეჭვქვეშ დადგა.

"ბორის ჯონსონ, სასწორზე არა რაღაც სულელური გადაბრალების თამაშის მოგება, არამედ ევროპის და დიდი ბრიტანეთის მომავალია, ისევე, როგორც მისი უსაფრთხოება და მისი ხალხის ინტერესი. შენ შეთანხმება არ გსურს, შენ გადავადება არ გსურს, შენ გაუქმება არ გსურს, quo vadis?" დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საკუთარ ტვიტერზე.

წყაროებზე დაყრდნობით BBC წერს, რომ მერკელის თქმით, ჯონსონის შემოთავაზებით შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდო იყო. გერმანიას სურს, რომ ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირში დარჩეს, ბრიტანეთი ამას ეწინააღმდეგება. 

დაუნინგ სტრიტიდან ერთერთი წყაროს ინფორმაციით, თუ ჩრდილოეთ ირლანდიაზე მერკელის პოზიცია ევროკავშირის პოზიციას წარმოადგენდა, მაშინ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო.  

მერკელის სპიკერმა თქვა, რომ მათი პირადი საუბრის დეტალებს არ გაასაჯაროებდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არაერთხელ გაიმეორა, რომ 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებს, შეთანხმებით, ან შეთანხმების გარეშე. გადამწყვეტი მოლაპარაკებები ჯონსონსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

ჯონსონს მიაჩნია, რომ ირლანდიის საზღვარზე გამშვები პუნქტების ასაცილებლად ტექნოლოგიების გამოყენების მისეული გეგმა ე.წ. "ბექსტოპის" პრობლემას გადაჭრის, თუმცა ევროკავშირი ბრიტანეთის მსგავსად კომპრომისებზე უნდა წავიდეს. ჯონსონი ირწმუნება, რომ პარლამენტარები ბრექსითის მის გეგმას მხარს დაუჭერენ.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა ყოფილი პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.

ჯონსონის შემოთავაზების მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

კომენტარები