მოსამართლეობის კანდიდატები

რა შეფასებები მიიღეს მოსამართლეობის კანდიდატებმა ევსაქების შემუშავებული კრიტერიუმებით

პარტია "ევროპულმა საქართველომ" საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა შეადგინა. მათი თქმით მიზანს საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს თითოეული კანდიდატის იმ პროფესიული მონაცემების შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსი მოსაპოვებლად არის აუცილებელი.

"ევროპული საქართველო" კანდიდატებს 10 ქულიანი სისტემით სამი კრიტერიუმის საფუძველზე აფასებს. ესენია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. (1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს; 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს; 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.)

ამასთანავე, "ევროპული საქართველოს" შეფასების სისტემით მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას.

შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.

პარლამენტში დეპუტატების კითხვებს მოსამართლეობის 7-მა კანდიდატმა უპასუხა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ 5 მათგანის შეფასება მოხდა.

შეფასების სიტემით, ამ 5 კანდიდატიდან, რომლებმაც პარალმენტში უკვე უპასუხეს დეპუტატების კითხვებს, უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს ვერცერთი მათგანი აკმაყოფილებს.

გთავაზობთ "ევროპული საქართველოს" სისტემით უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების შეფასებას ვრცლად.

თამარ ალანია

კომპეტენტურობა - 5 ქულა

ა) მიღებული აქვს რიგ შემთხვევებში მყარი სამართლებრივი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები.
ბ) ვერ გასცა პასუხი თუ რას ნიშნავს სამართლებრივი ნორმის ფორმალური, აბსტრაქტული და კონკრეტული კონტროლი.

კეთილსინდისიერება - 2 ქულა

ა) არ გასცა პასუხი მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პარლამენტში მიღებული დადგენილება ამნისტიის ფარგლებში ინდივიდუალურად განსაზღვრული პირების გათავისუფლების შესახებ ეწინააღმდეგება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსს.
ბ) არ გასცა პასუხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის კანდიდატთან, შალვა შავგულიძესთან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ არღვევდა თუ არა სამოსამართლეო ეთიკას.
გ) 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ შედგენილი 10 კაციანი სიის წევრია და არ გააჩნია რაიმე სახის კითხვები ამ პროცესის სამართლიანობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 2 ქულა

თვლის, რომ რუსეთის სახელმწიფო ოკუპანტია, თუმცა მოსამართლის მიერ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საჯაროდ დაგმობა არღვევს სამოსამართლეო ეთიკას.

შეფასების მიხედვით თამარ ალანია ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

მერაბ გაბინაშვილი

მერაბ გაბინაშვილი
ფოტო: პარლამენტი
კომპეტენტურობა - 2 ქულა

ა) სამი მცდელობის მიუხედავად, ვერ გასცა სწორი პასუხი თუ რას ნიშნავს სამართლებრივი პოზიტივიზმი და ნეგატიური უფლებები.
ბ) მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეს არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ დამატებითი სახის აღკვეთის ღონისძიების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.
გ) მიიჩნევს, რომ ძირითადი აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად დამატებითი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პირის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხს არ ზრდის.

კეთილსინდისიერება - 2 ქულა

ა) განიხილა დეპუტატ ნიკა მელიას საქმე და კანონის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად არ მისცა დამატებითი სახის აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების უფლება.
ბ) 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ შედგენილი 10 კაციანი სიის წევრია და არ გააჩნია კითხვები ამ პროცესის სამართლიანობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თვლის, რომ სასამართლოს ავტორიტეტს იუსტიციის საბჭოში ბატონი გიორგი მიქაუტაძის საქმიანობა კი არა, არამედ საზოგადოების აღშფოთება ლახავს.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 2 ქულა

ვერ ასახელებს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საბჭოთა კავშირში რა სახის პოლიტიკური რეჟიმები არსებობდა.

შედეგად, მერაბ გაბინაშვილი ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

შოთა გეწაძე

შოთა გეწაძე
ფოტო: პარლამენტი
კომპეტენტურობა - 6 ქულა

ა) რიგ შემთხვევებში აქვს ლოგიკური და მყარი სამართლებრივი მსჯელობის მქონე გადაწყვეტილებები გამოტანილი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
ბ) დიდწილად სწორად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის გადაწყვეტილებებს. თუმცა, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან ამოღებული აქვს ციტატა, რომელიც არის მოპასუხე მხარის არგუმენტი და არა სასამართლოს მიერ გაზიარებული პოზიცია.

კეთილსინდისიერება - 3 ქულა

ა) არ გასცა პასუხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის კანდიდატთან, შალვა შავგულიძესთან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ არღვევდა თუ არა სამოსამართლეო ეთიკას. თუმცა, აღნიშნა, რომ თვითონ როგორც მოსამართლე აღნიშნულ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ბ) დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს, კადიევს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარების გარეშე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი შესაძლებელი გახადა მისი გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის, სადაც მას ემუქრებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით. მოგვიანებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით კადიევს ჩაუტარდა
აღნიშნული სამედიცინო შემოწმება და დადგინდა, რომ ის იყო ნაწამები.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 6 ქულა

პარლამენტში საჯარო მოსმენის დროს გამოვლინდა, რომ მისი ცოდნა ზოგად განათლებაში დამაკმაყოფილებელია. ასევე იცნობს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს რუსეთის სახელმწიფოსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებული ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში, თუმცა მაინც უშვებს პირის გადაცემას ასეთი ტიპის სახელმწიფოში.

შედეგად, შოთა გეწაძე აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.

მირანდა ერემაძე

მირანდა ერემაძე
ფოტო: პარლამენტი
კომპეტენტურობა - 2 ქულა

ა) რიგ შემთხვევებში აქვს ლოგიკური და მყარი სამართლებრივი მსჯელობის მქონე გადაწყვეტილებები გამოტანილი.
ბ) ელექტრონული ფოსტა მიიჩნია არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებად და არ დაუქვემდებარა საჯარო ინფორმაციის ღიაობის კანონმდებლობით დადგენილ წესს. პარლამენტში საჯარო მოსმენის დროს კი უარი განაცხადა საჯაროდ თავისი გადაწყვეტილების ახსნაზე.
გ) ვერ ახსნა თუ რატომ კრძალავს კონსტიტუცია რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას ადამიანთა უფლებების შესაზღუდად.

კეთილსინდისიერება - 2 ქულა

ეთანხმება და იზიარებს იუსტიციის საბჭოს მდუმარებას მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ სასამართლოს მწვავედ გაკრიტიკების შემთხვევაში და აუცილებლად მიიჩნევს იუსტიციის საბჭოს რეაგირებას ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისგან ან არასამთავრობო სექტორისგან მომდინარე კრიტიკაზე.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 2 ქულა

ა) ვერ ახსნა თუ როგორი სახელმწიფო მოდელი არსებობს ლიბერალურ დემოკრატიაში.
ბ) არ არის წინააღმდეგი პარლამენტის მიერ გამოცემულ კრებულში, სადაც ასახულია საქართველოს პირველი პარლამენტარების ბიოგრაფიები, ასევე აისახოს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრების ბიოგრაფიებიც.

შედეგად, მირანდა ერემაძე ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

მამუკა ვასაძე


ფოტო: პარლამენტი
კომპეტენტურობა - 2 ქულა

ა) სწორად ჩამოთვალა და განსაზღვრა სისხლის სამართალში მტკიცების სტანდარტების სახეობები, ქმედუნარიანობა და შერაცხადობა. ასევე სწორად აღნიშნა, რომ პატივი და ღირსება არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიულ პირს.
ბ) ვერ გასცა პასუხი თუ რა განსხვავებაა ადამიანის პატივსა და ღირსებას შორის.
გ) ვერ ჩამოთვალა და ვერ ახსნა სამართლებრივი ნორმის დისკრიმინაციულობის შეფასების ტესტები.

კეთილსინდისიერება - 1 ქულა

ა) როგორც გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, კურირებს მათ შორის საგამოძიებო ნაწილს. შესაბამისად, ის არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი არაერთი გახმაურებული საქმის გაჭიანურებულ გამოძიებაზე, სადაც ფიგურირებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები. პროკურატურის მხრიდან აშკარა იყო ასევე პოლიტიკური ხელისუფლებისადმი მიკერძოება.
ბ) პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საჯარო მოსმენის დროს არ გასცა პასუხი შერჩევითი სამართლის-პოლიტიკურად მიკერძოებულ სისხლისსამართლებრივ დევნის შემთხვევებზე.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 1 ქულა

ვერ ასეხელებს ვერცერთ სამართლებრივ ნაშრომს და ვერცერთ ნაწარმოებს მხატვრული ლიტერატურიდან, რამაც მასზე მოახდინა რაიმე ტიპის გავლენა.

შედეგად, მამუკა ვასაძე ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

შემფასებლები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, გიორგი კანდელაკი, ხათუნა გოგორიშვილი და სერგი კაპანაძე.

ბოკერია ამბობს, რომ უკვე შეფასებული კანდიდატებიდან უმრავლესობა მოსამართლეობისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 

"როცა კანდიდატი მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკური პოზიცია, რომ თავისუფალი კენჭისყრაც არ უნდა იყოს, რადგან ასეთ კანდიდატს არ შეიძლება საერთოდ მხარი დაუჭირონ. კანდიდატზე, რომელსაც კვალიფიკაცია აქვს და მოსამართლეობის ზოგად სტანდარტს აკმაყოფილებს, მათზე შეიძლება გვქონდეს თავისუფალი კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები იყვნენ. ეს არის ჩვენი განაცხადი და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და პირველ რიგში მმართველ გუნდა, მოგვცენ თავისი შეფასებები,"- ამბობს ბოკერია.

ოთო კახიძის თქმით, პარტია ყოველი კვირის ბოლოს საზოგადოებას მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებს წარუდგენს, იმ კანდიდატებისა, რომლებმაც პარალმენტში უკვე უპასუხეს დეპუტატების კითხვებს. 

"ჩვენ თავის დროზე ამ წინადადებას ვაყენებდით, რომ ზოგადად ქულებით შეფასებულიყვნენ კანდიდატები და მომხდარიყო ამის დასაბუთება, სამწუხაროდ, ეს ჩვენმა ოპონენტებმა არ გაიზიარეს. ამას სთხოვდა ხელისუფლებას ვენეციის კომისია, ასევე ეუთო ოდირის მონიტორინგის ჯგუფიც. ლოგიკურიცაა, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, ის დავასაბუთოთ, მეტი გამჭვირვალობისთვის და მაღალი სტანდარტისთვის," - ამბობს კახიძე.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

კომენტარები