თამთა თოდაძის საქმე

ჯიშკარიანის ადვოკატი: თოდაძეს განზრახული ჰქონდა ოფისში დარჩენა, დაელოდა სხვების წასვლას

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/marita.kublashvili.9

დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მას სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, იმ დღეს ოფისში ილია ჯიშკარიანთან მარტო დარჩენის განზრახვით დარჩა და ამას თანამშრომლები ადასტურებენ.

"არაერთი გარემოება ადასტურებს, თუნდაც განზრახვა და მოტივი თავად ამ ადამიანის, რომელსაც განზრახული ჰქონდა რომ იმ დღისით იქ დარჩენილიყო, დაელოდა რომ ყველა თანამშრომელი წავიდა. თანამშრომლები ადასტურებენ, რომ შესთავაზეს არაერთხელ რომ გაიყოლებდნენ მას, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა უთხრა - მე აქ უნდა დავრჩე, სასაუბრო მაქვს ბატონ ილიასთან", - ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ამასთან, მარიამ კუბლაშვილის თქმით, ილია ჯიშკარიანი ამ პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის და იმის გამო დუმდა, რომ "მისი ოპონენტი არის ქალბატონი, სუსტი სქესის წარმომადგენელი".

"იგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არის აი ამ დამოკიდებულების, მომდინარე აგრესიისა და ცილისწამების მსხვერპლი. ჩვენ დაგვაზარალა იმან, რომ დუმდა ამდენი ხანი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირველი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და მეორე - რომ მისი ოპონენტი არის ქალბატონი, სუსტი სქესის წარმომადგენელი, მისი შვილების ხელა და უფრო პატარა, იგი ვერ გაუტოლდებოდა მას ოპონირებაში", - ამბობს ადვოკატი.

ის, რომ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს, გუშინ, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. კუბლაშვილმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ რადგან ჯიშკარიანი კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს და კაცია, ბულინგის მსხვერპლი გახდა.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარებს არ აკეთებს. მისი ადვოკატის თქმით, დეპუტატი უდანაშაულოა.

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს.რას ყვება თამთა თოდაძე 30 სექტემბრის ღამეზე, როცა, მისი თქმით, ნასვამმა დეპუტატმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

ამ თემაზე დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში: "არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები