თურქეთი-სირია

თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია დაიწყო

AFP

თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო დანაყოფების რაოდენობა გაზარდა და ოპერაციის დასაწყებად ემზადება.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაშემწემ თქვა, რომ ჯარები სირიაში უახლოეს მომავალში შევლენ, რათა "თურქეთის მოქალაქეებისათვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული საფრთხე გაანეიტრალონ". მისივე თქმით, ქურთ მებრძოლებს შეუძლიათ ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი მათ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეშლის უფლებას არ მისცემს.

თურქეთის სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონა დაიძრა.

სირიის დემოკრატიულ ძალებში ამბობენ, რომ რეგიონი შესაძლო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. რეგიონში ქურთული ძალების ხელმძღვანელობა მოსახლეობას ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მობილიზაციისაკენ მოუწოდებს.

პენტაგონმა განცხადება გაავრცელა. "სამწუხაროდ, თურქეთმა ერთპიროვნული ქმედებები გადაწყვიტა" ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკელი სამხედროები რეგიონიდან მათი უსაფრთხოების უზრუვნელყოფისათვის გაიყვანეს, თუმცა ისინი სირიას არ ტოვებენ.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ტრამპსა და ერდოღანს შორის შეხვედრა ვაშინგტონში 13 ნოემბერს გაიმართება.

გუშინ თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა უკვე განახორციელა თავდასხმა სირია-ერაყის საზღვარზე, იმისთვის, რომ ერაყიდან ქურთული ძალების გაძლიერებისათვის ხელი შეეშალა. დარტყმების მიზანს ერაყისა და სირიის დამაკავშირებელი იმ გზის დაბლოკვა წარმოადგენდა, რომელსაც ქურთი მებრძოლები იყენებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

აშშ-ის ჯარების გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თურქეთი სამხედრო ოპერაციასა და სირიაში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები