ჩინეთი

ჩინეთში South Park ჩინეთზე სატირული სერიის შემდეგ აკრძალეს, შემქმნელებმა "ბოდიში მოიხადეს"

კომედიური ჟანრის ამერიკულმა სატელევიზიო შოუმ South Park ერთერთი ეპიზოდი "ბანდა ჩინეთში" ჩინეთის შიდა პოლიტიკას ეძღვნება. ეპიზოდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავის მეორე დღეს გამოაქვეყნეს. ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ შოუ ჩინეთში აკრძალეს, კომედიური შოუს შემქმნელებმა კი ჩინეთს ყალბი ბოდიში მოუხადეს.

სატირულ ეპიზოდში ერთერთი გმირი რენდი ჩინეთში კანაფის ბიზნესის გასაფართოებლად ჩადის. მას აპატიმრებენ და კომუნისტური პარტიის შრომით და საგანმანათლებლო ბანაკში წასვლას აიძულებენ. რენდის იქ ელექტროშოკით აწამებენ, ერთერთ პატიმარს ესვრიან. "მე კომუნისტური პარტიის ამაყი წევრი ვარ. პარტია ინდივიდზე მნიშვნელოვანია". - კითხულობს რენდი. რენდის იქ ვინი პუჰი და გოჟიც დახვდება . "ზოგი ამბობს, რომ ვინი პუჰი ჩინეთის პრეზიდენტს ჰგავს, ამიტომ ჩვენ ჩინეთში არალეგალურები ვართ" - ამბობს გოჭი.

2017 წელს ჩინეთში ვინი პუჰი მართლა აკრძალეს, რადგან ხალხი მას ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ამსგავსებდნენ. 

ამჟამდ South Park ჩინეთის ინტერნეტსივრცეში თითქმის აღარ იძებნება. ჩინეთის ერთერთ ცნობილ ფილმების შეფასების ვებგვერდზე South Park-ის ძიებისას ვკითხულობთ წარწერას - "შესაბამისი კანონის, რეგულაციისა და პოლიტიკის მიხედვით საძიებო შედეგი არ არის ასახული". 

ჩინურ სოციალურ ქსელ ვეიპოში მათ, ვისაც ცენზურისთვის გვერდის ავლა სურთ, შოუს სახელწოდების ნაცვლად წერენ S23E02 (23-ე სეზონის, მე-2 ეპიზოდი). თუმცა, ეს ჩინეთში გავრცელებული პრაქტიკაა, რასაც ჩინეთის ცენზურა მალევე იგებს და ასეთ ფარულ სახელებსაც ბლოკავს.

შოუს შემქმნელებმა ჩინეთს "ბოდიში" მოუხადეს: "NBA-ს მსგავსად, ჩვენ მივესალმებით ჩინეთის ცენზურას ჩვენ სახლსა და ჩვენ გულებში. ჩვენც ფული უფრო გვიყვარს, ვიდრე თავისუფლება და დემოკრატია. სი [ძინპინი] საერთოდ არ ჰგავს ვინი პუჰს. ამ ოთხშაბათს 10:00 საათზე იხილეთ ჩვენი მე-300 ეპიზოდი! დიდხანს სიცოცხლე ჩინეთის დიდებულ კომუნისტურ პარტიას! დაე, ამ შემოდგომას უხვი სორგოს მოსავალი გქონდეთ! ჩინეთო, ახლა კარგად ვართ?"

საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა დარილ მორიმ ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას შემდეგ კი მისი გუნდის the Houston Rockets თამაშები ჩინეთის სატელევიზიო სივრციდან აკრძალეს. NBA-მ მორის კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა, ხოლო the Houston Rockets-ის ერთერთმა კალათბურთელმა ჯეიმს ჰარდენმა თქვა - "ბოდიშს ვიხდით. ჩვენ გვიყვარს ჩინეთი."

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ბანაკები, ძირითადათ, ჩინეთში მცხოვრები უიღურებისთვის შექმნეს. უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთში ცენზურის გამო ათასობით ვებ-გვერდი დაბლოკილია, მათ შორის, Facebook, Twitter, Instagram, Wikipedia, Google search და სხვ. ჩინეთს საკუთარი ინტერნეტ სივრცე აქვს, რაც ჩინეთის დიდი ცეცხლოვანი კედლის სახელით არის ცნობილი. Facebook-ის, Google-ისა და სხვა ცნობილი ვებ-გვერდების ჩამნაცვლებლად კი საკუთარი ჩინური ვერსიის ვებ-გვერდები არის შექმნილი. ჩინეთის ტელევიზიას, ჟურნალ-გაზეთებს და ინფორმაციის სხვა წყაროებს კომუნისტური პარტია აკონტროლებს.

უცხოელებსა და ჩინელთა მცირე ნაწილს აკრძალულ ვებ-გვერდებზე შევლა VPN-ის პროგრამით შეუძლიათ, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტია პერიოდულად სხვადახვა VPN-საც ბლოკავს, ზოგ შემთხვევაში კი მის მომხმარებელს აჯარიმებს.

ჩინეთში ინტერნეტ ცენზურაზე მომუშავე მაღალჩინოსნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის წინ ან სენსიტიურ თარიღებზე მეტად ხშირად მიმართავენ ცენზურას. გასულ კვირას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 70 წელი შეუსრულდა. ეროვნულ დღესასწაულს ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ და კვირის ეს დღეები უქმეებია.

კომენტარები