უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

კახიძე თადუმაძეზე: უსაგნო თავის მართლების ნაცვლად, გადადგომის განცხადებას უნდა წერდეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც დეპუტატს თაღლითობაში ადანაშაულებს. 

ტაბულასთან საუბრისას, კახიძე ამბობს, რომ სასაცილოა გენერალური პროკურორის მცდელობა, თავი დაიძვრინოს უხერხული მდგომარეობიდან. 

"იგი ვერ ასახელებს მისი ლექტორების ან ჯგუფელების ვინაობას, რადგან, როგორც ჩანს, სინამდვილეში არ სწავლობდა მითიურ ინსტიტუტში. ამის მიზეზად პერსონალური მონაცემის დაცვა მოჰყავს, რაც, დამატებით მის არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს, რადგან არავითარი სენსიტიური პერსონალური მონაცემი არ არის ვინმეს კურსელობა ან, ლექტორობა. მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს აგრეთვე ის გარემოება, რომ ორგვერდიან დოკუმენტში, რომლითაც პარლამენტს მოგვმართა, სამი საქმე ევროსასამართლოს პრაქტიკიდან არასწორად აქვს მითითებული,"- ამბობს კახიძე. 

კახიძის თქმით, ამასთან, სრულიად სამარცხვინო გენერალური პროკურორისგან იმის მტკიცება, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად საქმეში ბრალდებულის იდენტიფიცირებაა საჭირო.

"თავი რომ დავანებოთ მის პასუხებს 20 ივნისის საქმეზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე და ა.შ. დღევანდელი გამოსვლის შემდგომ, უსაგნო თავის მართლების ნაცვლად, გადადგომის განცხადებას უნდა წერდეს,"- ამბობს კახიძე. 

10 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უსმენდენ, რომელთა 20-კაციანი სიაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნა, ოთარ კახიძემ თადუმაძეს ჰკითხა, შეეძლო თუ არა დაესახელებინა პროფესორი, რომელიც მას საერთაშორისო სამართალს ასწავლიდა. შალვა თადუმაძემ კახიძეს უთხრა, რომ შეუძლია ლექტორის დასახელება, უბრალოდ, არ დაასახელებს, როგორც წინა შემთხვევაში. ოთარ კახიძემ მას გავლილი საგნების სიის დანართი გადასცა და ამჯერად იმ ქულის დასახელება სთხოვა, რომელიც მას საერთაშორისო სამართალში გამოყვა. 

ცოტა ხნიანი ძებნის შემდეგ, კახიძემ თადუმაძეს უთხრა, რომ ვერ იპოვიდა ამ ქულას, რადგან საერთაშორისო სამართალი საერთოდ არ გაუვლია. 

მოგვიანებით თადუმაძემ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში კახიძეს "თაღლითი" უწოდა და თქვა, რომ მან ოჯახიდან გადმოაგზავნინა დედანის ასლი და იმ დოკუმენტში არის მითითებული, რომ საერთაშორისო სამართალს სწავლობდა. 

"დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების,"- თქვა თადუმაძემ. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

სწორედ აქედან გამომდინარე წარმოიშვა შეკითხვები მისი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები