მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

კობახიძე გავრილოვის ასამბლეაზე: ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარება, რომელსაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს, ქვეყნისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. 

კობახიძემ 8 ოქტომბერს იმედის ეთერში, გადაცემაში "SWOT ანალიზი", რომელიც ნიკა ლალიაშვილს მიჰყავს, თქვა, რომ ზოგადად, ქართული ოცნების გუნდი თავიანთი გზავნილების გასაჟღერებლად "ნებისმიერ პლატფორმას" იყენებენ. 

კობახიძემ ამის მაგალითად ორგანიზაცია IPU (საპარლამენტთაშორისო გაერთიანება) მოიყვანა, სადაც რუსეთის გავლენა დიდია. კობახიძის თქმით, მიუხედავად ამ გავლენისა და იმისა, რომ IPU-ს ფორმატში რუსეთისთვის ძალიან ადვილია მისთვის სასარგებლო რეზოლუციების გატანა, ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდი "ყველაზე აქტიურად" სწორედ ამ ორგანიზაციაში მუშაობს. 

"რატომ? იმიტომ, რომ ეს გვაძლევს მათ შორის იმის შესაძლებლობას, რომ არაღიარების პრინციპით ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ. არაერთი შეხვედრა იმართება ხოლმე IPU-ს ფორმატში, მე ვიყავი IPU-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, სწორედ იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკას შევუწყოთ ხელი.

შესაბამისად, როგორც ერთი, ისე მეორე და სხვა ფორმატები ჩვენ მიერ აქტიურად გამოიყენება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები გაჟღერდეს და ბუნებრივია, როდესაც საკუთარ მოედანზე თამაშობ, სპორტშიც ასეა და პოლიტიკაშიც ამ გზავნილის ძალა არის უფრო მეტი. შესაბამისად, ამ ასამბლეის საქართველოში ჩატარება გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ 25 ქვეყნის წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში მიეღო ის გზავნილები, რომლებსაც სხვა მოედანზე ვაჟღერებთ ხოლმე. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა," - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არ არის რუსული ორგანიზაცია, მიუხედავად მასში რუსეთის სახელმწიფოს დომინირებისა და ამ ორგანიზაციაში ევროკავშირის არაერთი წევრი სახელმწიფოა გაწევრიანებული. 

თუმცა, ლიტვისა და ესტონეთის მთავრობები გავრილოვის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ასამბლეას "ეროვნულ საფრთხედ" განიხილავენ. უფრო მეტიც, ლიტვის სეიმის წევრის, ირინა როზოვას, მიმართ საპარლამენტო გამოძიებაც კი დაიწყო, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მიესალმება. როზოვა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმში იღებდა მონაწილეობას. მის მიმართ გამოძიების დაწყების ერთერთი მთავარი საფუძველი სწორედ იყო. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმი თბილისში 18-23 ივნისის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. ის ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, ინიციატივით იმართებოდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

როტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ხილვას მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოხდა. 20 ივნისს გამართული მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და მოგვიანებით წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 2-მა, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგა. პროტესტის ფონზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის, ირაკლი კობახიძეს კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დათმობა მოუწიათ. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები