მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

კობახიძე: გვთხოვდნენ, პრეზიდენტს გავრილოვისთვის ჯილდო გადაეცა, ამიტომ ვთხოვეთ, არ მოსულიყო

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის სამდივნო, ქართულ მხარეს სთხოვდა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვისთვის, ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს გადაეცა. 

ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში, "SWOT ანალიზში" ისაუბრა და თქვა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდმა ამ ყველაფერში რისკები დაინახა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვეს, არ დასწრებოდა ასამბლეის გახსნის ცერემონიას. 

"იყო ასევე შემოთავაზება, რომ ორი პატრიარქის სიტყვები ყოფილიყო წარდგენილი ასამბლეის გახსნაზე, ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს პატრიარქი ილია II და ეს უნდა ყოფილიყო რუსეთის პატრიარქი. აქაც იყო, ბუნებრივია, რისკი. ანუ მასპინძელ ქვეყანასთან მხოლოდ ერთი ქვეყნის პატრიარქის მოხსენება უნდა ყოფილიყო წარდგენილი, შესაბამისად, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ იმაზე, რომ რამდენიმე მართლმადიდებელი პატრიარქის სიტყვები მოგვეპოვებინა და წაგვეკითხა ასამბლეის გახსნაზე,"- ამბობს კობახიძე. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმი თბილისში 18-23 ივნისის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. ის ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, ინიციატივით იმართებოდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ხილვას მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოხდა. 20 ივნისს გამართული მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და მოგვიანებით წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 2-მა, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგა. პროტესტის ფონზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის, ირაკლი კობახიძეს კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დათმობა მოუწიათ. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები